ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება.
ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა ბათუმში, სასტუმროში "ჰილტონი" განაცხადა, სადაც მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" მიმდინარეობს.
"საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად იყო საჭირო. ეს მოხდა იმ წარმატებული რეფორმების ხარჯზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა. მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება", – განაცხადა იოჰანეს ჰანმა კონფერენციაზე.
ბათუმში ევროინტეგრაციის თემაზე მე-13 საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა. ღონისძიება ბათუმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.