საარჩევნო კამპანია დაიწყო, პარტიების უმრავლესობამ საარჩევნო შტაბები უკვე დააკომპლექტა, თუმცა, არიან გამონაკლისები _ "ეროვნულ ფორუმს" ჩოხატაურში ჯერ არც ოფისი გაუხსნია და არც კამპანია დაუწყია.
რას აპირებს პარტია ჩოხატაურში, რომლის წარმომადგენლები დღეს მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ, ეყოლება თუ არა დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, იქონიებს თუ არა გავლენას "ფორუმის" წარმომადგენლებზე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანთა ახლობლობა, ვის სასარგებლოდ იმუშავებენ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში და რას პასუხობენ განაწყენებულ ამომრჩეველს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ერთობლივ გადაცემაში _ "მონოგიდან _ დიალოგამდე" "ეროვნული ფორუმის" წევრებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა _ მარინე ბერაძემ და ქეთევან სიხარულიძემ ისაუბრეს.
_ მიუხედავად იმისა, სად დგას "ეროვნული ფორუმი", რა პოზიციაზეა, მე დღეს ვინარჩუნებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის პოსტს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საქმეთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ მარინე ბერაძემ.
მისივე თქმით, "ეროვნული ფორუმი" არ გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც 2012 წელს კოალიციასთან ერთად აიღო:
_ გეთანხმებით, რომ "ფორუმის" წარმომადგენლები საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ და ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, კოალიციის ყველა ვალდებულება აღებული აქვს "ეროვნულ ფორუმს" და არ გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც 2012 წელს ავიღეთ. შესაბამისად, არ არის მკაცრი მითითება _ პირიქით, დესტაბილიზაციას ყველანაირად ერიდება, _ თქვა ბერაძემ და დასძინა, რომ "ეროვნულ ფორუმს" ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში კანდიდატი არ ეყოლება.
_ ქალბატონო მარინა, თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დახმარებას აპირებთ და არა _ "ეროვნული ფორუმის"…
_ "ეროვნული ფორუმი" ჩემთვის პირველი პარტიაა. პირველი პოლიტიკური ნაბიჯები გადავდგი აქ და ვფიქრობ, ძალიან კარგად და წარმატებულად მიმდინარეობს დღემდე მუშაობა. მიმაჩნია, რომ ასეც გაგრძელდება. მე პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკაში შეიძლება ბევრი გადათამაშება მოხდეს, თუმც, ჩემთვის მთავარი პრინციპი პროფესიონალიზმია. ჩემი, როგორც სამანადატო, საპროცედურო საქმეთა და ეთიკის კომისიის თავჯდომარის მუშაობა, პირველ რიგში, ხორციელდება სამართლებრივი კუთხით და ვფიქრობ, წარმატებულად. ამის შემდეგ კი ვმუშაობ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ჩემი სოფლის _ ჯვარცხმის მაჟორიტარულ ოლქში.
_ ქალბატონო მარინა, აღნიშნეთ, რომ "ეროვნულ ფორუმს" ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი არ ეყოლება. ამის მიზეზი პოლიტიკური გარიგება ხომ არ არის?
_ გამოვრიცხავ ასეთ გარიგებას, რადგან კანდიდატი თუ დასახელდება, აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, რომელსაც გამარჯვების რაღაც შანსი ექნება. ამ ეტაპზე გვაქვს ინფორმაცია, რომ კანდიდატი არ გვეყოლება და ვნახოთ, თუ შეიცვლება რამე, _ აღნიშნა ბერაძემ.
პოლიტიკურ გეგმებზე გადაცემაში ქეთევან სიხარულიძემაც ვრცლად ისაუბრა, რომელიც საკრებულოში ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" წევრია. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაური ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც "ეროვნული ფორუმი" ისევ "ქართულ ოცნებასთან" ერთად მუშაობს.
_ ქალბატონო ქეთევან, ფრაქციის სახელი ამ დრომდე არ შეცვლილა _ ისევ "ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი" გქვიათ… ამის მიზეზი რა არის? თქვენი პარტიის ლიდერებმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნებას" გაემიჯნენ…
_ სახელის შეცვლის პროცედურები ახლახან დავიწყეთ და მალე დავასრულებთ. "რესპუბლიკელებმაც" ცოტა ხნის წინ მოახდინეს ცვლილება.
_ "რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენლები ფრაქციის სახელწოდების შეცვლამდეც იყვნენ მთავრობის ოპონირების რეჟიმში, რასაც ვერ ვიტყვით თქვენი პარტიის წარმომადგენლებზე…
_ გააჩნია როდის. "ეროვნული ფორუმიც" იყო აქტიურ ოპოზიციაში წინა ხელისუფლების პერიოდში.
_ ჩვენ 2016 წელზე ვსაუბრობთ, ქალბატონო ქეთევან…
_ მართალი გითხრათ, ჩემმა ამომრჩეველმა იმიტომ დამიჭირა მხარი, რომ წარმოვადგენდი ხელისუფლებას. მართალია, ჩვენი პარტია ოპოზიციაშია ახლა, მაგრამ ჩემს ამომრჩეველს სხვა რამ უფრო აინტერესებს.
_ თქვენ იმის შიში გაქვთ, რომ როგორც ოპოზიციონერს, მხარს არ დაგიჭერენ?
_ მხარს როგორ არ დამიჭერენ?! ისინი მე დამიჭერენ მხარს, მე _ პიროვნებას, რადგან ვცდილობ სულ ვიყო მათ გვერდით და ყველა ჩემი საქმიანობა მათკენ მიდის. ამით ვარ დაკავებული დღეს.
_ პარტიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას არ ცდილობთ?
_ რა თქმა უნდა.
_ ეს ორი რამ ერთმანეთთან როგორ თავსდება? შეგიძლიათ გვითხრათ, ვის დაუჭერთ საპარლამენტო არჩევნებში მხარს? ოპოზიციის კანდიდატს თუ სახელისუფლებოს?
_ გასარკვევია, ვინ იქნება ის სახელისუფლებო კანდიდატი. როგორც ქალბატონმა მარინამ აღნიშნა, ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით ეყოლება თუ არა "ფორუმს" წარმომადგენელი. თუ საბოლოოდ გადაწყდა, რომ კანდიდატი არ გვეყოლება, მაშინ ჩვენ თავისუფალი ვიქნებით პარტიული ნიშნით და პიროვნულად გავაკეთებთ ამ არჩევანს.
_ ქალბატონო ქეთევან, ამომრჩეველს სთხოვთ ხმა მისცეს "ეროვნულ ფორუმს", როგორც პარტიას და ამავე დროს მხარი დაუჭიროს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კანდიდატს?
_ ძალიან უხერხული სიტუაცია იქნება ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ პარტიის ინტერესებისთვის. მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ თუ პარტიას არ ეყოლება კანდიდატი, შემდეგ გავაკეთებთ არჩევანს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას სიხარულიძემ.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ჩოხატაურის გამგებელი და პარტია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა მისი სიძეა, მნიშნელოვანი ფაქტორია:
_ რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. მთელი ოჯახი ირაკლის გვერდით ვიყავით მაშინ, როცა ოპოზიციაში იყო და ვიქნებით ყოველთვის. სიმართლე გითხრათ, ვერც გამგებლის წინააღმდეგ ვიმუშავებ და ვერც პარტიის, _ გვითხრა სიხარულიძემ.
როგორ უნდა მოხერხდეს ერთდროულად ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერა, სიხარულიძემ ვერ დაგვიკონკრეტა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე "ეროვნული ფორუმის" დატოვებას არ აპირებს.
გადაცემის სტუმრებმა პარტიის მიერ დაწყებულ საარჩევნო სამზადისზეც ისაუბრეს. მარინე ბერაძის თქმით, უახლოეს დღეებში "ეროვნული ფორუმი" ჩოხატაურში ოფისსაც გახსნის:
_ "ეროვნულ ფორუმს" ჩოხატაურში ჯერ არ აქვს დაწყებული მუშაობა, მაგრამ უახლოეს დღეებში იმუშავებს ოფისი, გვეყოლება წარმომადგენლებიც და შესაბამისად, აქტიურად ჩავერთვებით საარჩევნო რეჟიმში, _ თქვა ბერაძემ.