თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე სასამართლო სხდომას განაახლებს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, სხდომა მორიგების წინადადებაზე მხარეთა პოზიციების მოსმენით გაიხსნება, ვინაიდან 2016 წლის 31 მაისიდან დღემდე, სასამართლომ სამართალწარმოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გადადო, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო აფიქსირებდა მზადყოფნას გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე ალტერნატიული წინადადებები განეხილა.
"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოცემულ დრომდე უცნობი რჩება სახელმწიფოს პოზიცია, რა საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდა გიორგი პაპუაშვილთან მოლაპარაკება ან არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე სახის კომუნიკაცია. მისივე თქმით, ახლა ინიციატივა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ხელშია. ჩვენ ერთად დავინახავთ, სამართლიანობის აღდგენის პროცესში და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების რეპუტაციის გადარჩენის მაღალი მიზნებიდან გამომდინარე, დავის მონაწილე რომელმა მხარემ რა შეძლეს. არჩილ კაიკაციშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ სასამართლოს გამოკვეთილი პოზიციის მიუხედავად, არასაკმარისი მონდომობის თუ გაუბედავობის გამო, საქმეზე შედეგი ვერ დადგა – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრებას აგრძელებს.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თუ მორიგების შესაძლებლობა პერსპექტიული ვეღარ იქნება, დაცვის სტრატეგია ამოქმედდება და მათ შორის, 18 ივლისის სხდომა საქმესთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი შუამდგომლობები იქნება წარმოდგენილი. არჩილ კაიკაციშვილი კიდევ ერთხელ სხდომის გადადებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ საქმის გაჭიანურებას არც მოსამართლე დიანა ფარქოსაძე დაუშვებს.
სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
როლანდ ბლადაძის ადვოკატმა სასამართლოსგან საქმის განხილვის ნდობაზე სამი ფუნდამეტური პრინციპის დაცვა მოითხოვა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ მართლმსაჯულების ისტორიაში ამ რეზონანსული საქმის განხილვის პროცესში, განუხრელად უნდა დაიცვას შემდეგი სამი ფუნდამეტური საკითხი: 1. სასამართლომ გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მხოლოდ კანონს და მხოლოდ მტკიცებულებებს; 2. სასამართლო არ იქნება ტოლერანტული გიორგი პაპუაშვილის მიმართ; 3. მხარეები ერთად შეეცდებიან საკონსტიტუციო და არამხოლოდ საკონსტიტუციო საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ღირსების აღდგენა;
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 14:00 საათზე განახლდება.