სპორტსმენი, ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე "როსტო" და მსახიობი ლაშა კურტანიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
როგორც "გურია ნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, როსტოშვილს და კურტანიძეს 150 000-150 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
სასამართლოს ცნობითვე, ორივე მათგანს გაირაოს გადახდის 5-დღიანი ვადა აქვთ. ამ ხუთი დღის განმავლობაში კი, როსტოშვილს და კურტანიძეს ყოველდღე, დილა-საღამოს პრობაციის სამსახურში გამოცხადების ვალდებულება აკისრიათ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე "როსტო" და მსახიობი ლაშა კურტანიძე სამართალდამცევლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-მოხმარების ბრალდებით 2016 წლის მაისის დასაწყისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.