საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეულ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეებზე ფარული თვალთვალი და შანტაჟი მიმდინარეობს
"რაც გამოიხატება მათ ფარულ თვამთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწრვოებაში; დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით. აგრეთვე, შესაძლოა გასაჯაროვდეს პირადი ხასიათის ფალსიფიცირებული ინფორმაციები", _ აცხადებს პაპუაშვილი და დასძენს, რომ ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ მაღალი ინტერესების საქმეებთან, რომლებსაც სასამართლო ახლა განიხილავს.
"ეს მიმართულია იქეთ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ამ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დღეს ზოგიერთი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც ეს მოსამართლეების პირად ინფორმაციასთან არის დაკავშირებული. მთავარი მიზანი დღევანდელი საჯარო განცხადების არის ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია და აღვკვეთოთ ის საგანგაშო ფაქტები, რასაც ადგილი აქვს; რომ სასამართლოს შეეძლოს ნორმალურ ფუნქციონალურ რეჟიმში შეძლოს საქმიანობის გაგრძელება და გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე და არა ზეწოლისა და მუქარის საფუძველზე", _ აღნიშნა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის ამ საკითხზე ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ისაუბროს.