გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის, პატრულირება ყოველდღიურად ისევ ხდება.
საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე, სამართალდამცავების დაახლოებით 15 ჯგუფი, 50-მდე პოლიციელი მუდმივად სოფელში პატრულირებს.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, არის თუ არა აღმოჩენილი ახალი გარემოებები გამოძიების პროცესში, უწყების პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით, გამოძიებისთვის ახალი დეტალები ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით დაიწყო, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კუმისის შემდეგ მსგავსი მოვლენები სოფელ კოდაშიც განვითარდა, შსს-ში აცხადებენ, რომ შეტყობინება ამის თაობაზე ერთ-ერთი ადგილობრივის მხრიდან შევიდა, თუმცა, ადგილზე პოლიციამ საეჭვო კვალი ვერ აღმოაჩინა.
ამავე თემაზე:
ამოუცნობი მოვლენა სოფელ კუმისში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ახალი დეტალები კუმისში განვითარებულ მოვლენაზე
რა ინფორმაციას ფლობს კუმისის გამგებელი სოფელში მიმდინარე მოვლენებზე