მსოფლიოში ცნობილი როკ-ჯგუფის "scorpions" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი საქართველოში, კონკრეტულად კი შეკვეთილში მდებარე BLACK SEA ARENA-ს საკონცერტო დარბაზში კონცერტის გამართვას 20 აგვისტოს გეგმავენ.
თუმცა, ვებ-გვერდზე ერთ გაუგებრობას აქვს ადგილი. BLACK SEA ARENA-ს ადგილად ბათუმია მინიშნებული და არა შეკვეთილი.
BLACK SEA ARENA-ს ღონისძიებების მიმართულების ხელმძღვანელი ანა კავლელიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს და ეს საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება.
"ბათუმი არის ქალაქი, რომელიც იციან უცხოელებმა და დაახლოებით ასე ცდილობენ გაამარტივონ BLACK SEA ARENA-ს საკონცერტო დარბაზი. მინდა გითხრათ, რომ ეს ცვლილება აუცილებლად შეტანილი იქნება, როდესაც ჩვენ საბოლოო დეტალებზე შევთანხმდებით", _ გვითხრა ანა კავლელიშვილმა.
მისივე თქმით, როკ-ჯგუფის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას შემდეგ კვირაში პრესკონფერენციაზე გაავრცელებენ.
"შემდეგ კვირაში უფრო შეგვიძლია დეტალებზე ვისაუბროთ, რადგან სწორედ მაგ დროს გახდება ყველა დეტალი ცნობილი. ზუსტად გვეცოდინება რა გადაწყდა და მივიღეთ თუ არა თანამშრომლობის გადაწყვეტილება", _ თქვა ჩვენთან საუბრისას ანა კავლელიშვილმა.