"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე, გუშინ, გურიის კანდიდატებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლისტაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, თუმცა, მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
"გურია ნიუსმა" კი გაარკვია, რომ ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს წარადგენს.
აღნიშნულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახურში არ ადასტურებენ. კომენტარს არც თალაკვაძე აკეთებს და არც პოლიტსაბჭოს წევრები.
თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით თალაკვაძის კანდიდატად დაყენება საბოლოოდ გადაწყდა და მას 26 ივლისს, ოზურგეთში, პრემიერ-მინისტრი წარადგენს.
რაც შეეხება ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქს _ მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების წარდგენა 3 დღეში უნდა მოხდეს, პოლიტსაბჭოს ამ ოლქთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ორშაბათს გადაწყდება ვინ იქნება ოცნების სახე ჩოხატაურსა და ლანჩხუთში.
პოლიტსაბჭოს არჩევანის გაკეთება პრაიმერში დაწინაურებულ ორ კანდიდატზე _ დეპუტატ თემურ ჭკუასელსა და ექიმ გია თვალავაძეს შორის მოუწევს.
„გურია ნიუსის“ წყაროს ცნობით „ოცნების“ მიერ გასულ თვეში ჩატარებულ პრაიმერში ჭკუასელსა და თვალავაძეს თანაბარი ხმები აქვს.
პრაიმერის თანახმად, თემურ ჭკუასელის, რომელიც ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატია ცნობადობა 45%-ია. თითქმის ამდენივე პროცენტი მიიღო თვალავაძემაც, რომელიც ამჟამად სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატად თვალავაძე დააყენეს, თემურ ჭკუასელს "ოცნების" პარტიულ სიაში გამსვლელ ადგილს დაუთმობენ.