"იყო ძლიერი, დაახლოებით იგივეა, რომ იყო ქალი. თუკი ხალხისთვის ამისმტკიცება გიწევს, ესე იგი, არ ხარ ასეთი", _ მარგარეტ ტეტჩერი
ჩემთვის ყოველი დღე ახალი იმედებით, ახალი სიხარულით და ახალი შემართებით იწყება, რაც იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად იქნება!
ორშაბათი
ჩემი ყოველი დილა ნახევარსაათიანი ვარჯიშით, შემდეგ ფინჯანი ყავით და ინტერნეტში სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციების წაკითხვით იწყება; ვკითხულობ ყველა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ახალ ინფორმაციას, ვათვალიერებ სოციალურ ქსელს და ოჯახისთვის ვამზადებ საუზმეს, თუმცა დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან დღეს სახლში სტუმრები გვყავს _ მეუღლის ნათესავები მესტუმრნენ. აჭარაში ნათესავების მონახულების შემდეგ, თბილისში ჩამოვიდნენ. ამიტომ, დილით ადრე ავდექი, ვცდილობ გემრიელი საუზმე მოვამზადო და ნამგზავრი, ნათესავები გავახარო. შემდეგ ერთად დავგეგმავთ სად უნდა წავიდეთ და რომელი ღირსშესანიშნაობები უნდა დავათვალიერებინოთ მე და მეუღლემ, რომ ნათესავებს კიდევ უფრო მოეწონოთ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენ კი კიდევ ერთხელ ვიამაყოთ ჩვენი ქალაქით. სტუმრებიც წამოიშალნენ, საუზმე გემრიელად მიირთვეს, შემაქეს. სახლიდან გასვლას ვაგვიანებთ, რადგან მეზობელ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა იყო, სტუმრები ტელევიზორს უყურებენ, საუბრობენ….. როგორც იქნა გადავწყვიტეთ, რომ სანამ თბილისს დაათვალიერებენ, მცხეთაში წავალთ.
გავეშურეთ მცხეთისაკენ, გზადაგზა მანქანას ვაჩერებთ, სტუმრები ფოტოებს იღებენ თბილისის ქუჩების ფონზე. ასე ნელ-ნელა მივაღწიეთ მცხეთას და მზის სხივებით განათებულ ულამაზეს სვეტიცხოველს მივადექით. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ტაძრის შუაგულისკენ მივემართებით, მეუღლე სტუმრებს უყვება სვეტიცხოვლის ტაძრის ირგვლივ გაგონილ თუ წაკითხულ ინფორმაციას, თან დროდადრო მეკითხება, ხომ სწორად ვამბობ?? სვეტიცხოველი მოვიარეთ და ჯვრის მონასტრისკენ გავეშურეთ. სტუმრები გაოცებულები ათვალიერებენ ყველა კუთხე-კუნჭულს, უნდათ, რომ ყველა ადგილი აღბეჭდონ ფოტოზე, აშკარად ჩანს, რომ ნანახით მოხიბლულნი არიან. ჩემი მობილური ხშირად რეკავს, ზოგჯერ კოლეგები მირეკავენ, ზოგჯერ _ ოზურგეთის მაცხოვრებლები. სახლში მისვლას და მათი პრობლემებით პირადად დაინტერესებას მთხოვენ. ვპირდები, რომ ოზურგეთში ჩასვლისთანავე მათთან აუცილებლად მივალ.
მოსაღამოვდა. ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ გავემართეთ, სადაც ფესტივალი "არტ გენი" მიმდინარეობს, რომელშიც ჩემი მეგობრები (თურქეთელი ქართველები) მონაწილეობენ. უდიდესი სიამოვნება მივიღე, არაფერი შეედრება ქართულ მრავალხმიან სიმღერას, მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს ქართულ ცეკვას, სტუმრებიც ნასიამოვნები არიან და ასე, მთელი დღის შთაბეჭდილებებით სავსენი სახლისკენ გავეშურეთ.
საღამოს გვიან დავბრუნდი სახლში. დაღლილი ვიყავი, სტუმრები ისვენებენ, მე კი მიუხედავად დაღლილობისა, მაინც ჩავუჯექი სოციალურ ქსელს, სწრაფად წავიკითხე ყველა ინფორმაცია, ზოგიერთი დავაკომენტარე, ზოგიერთი გავიზიარე და ასე ლამაზად დასრულდა მძიმე ორშაბათი.
სამშაბათი
დილის 7 საათია. მაღვიძარა გაუთავებლად რეკავს. ავდექი და საუზმის გამზადებას შევუდექი, კომპიუტერი ჩავრთე და პარალელურ რეჟიმში სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ვკითხულობ., ყავა ისევ ჩემი უცვლელი დილის მეგობარია. ვკითხულობ, თუმცა არავინ მაცლის, სტუმრებმა გაიღვიძეს. მადლობა ღმერთს, საუზმე მზად მაქვს, ვისაუზმეთ და საუზმის დროს გადავწყვიტეთ, რომ რადგან მეგობრებიც აქ არიან და ნათესავებიც, ეს ერთი დღე ყველას ერთად გაგვეტარებინა. სახლი მალევე დავტოვე, მეგობრებს სასტუმროში მივაკითხე და ასე ჯგუფურად გავემართეთ თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული უბანისაკენ, ორთაჭალისკენ. მოვინახულეთ მეტეხი, აბანოთუბანი, ავუყევით გზას სიონისკენ, სტუმრების სიხარულს საზღვარი არ აქვს, ხმაურობენ, იცინიან, ცდილობენ ქართულად წარმოსთქვან რამდენიმე სიტყვა, სუვენირების ყიდვისას გამყიდველს ქალს ქართულად უხდიან მადლობას და უხარიათ. იქვე მდებარე კაფეში ჩამმოვჯექით, ვისადილეთ და გეზი ფუნიკულიორისაკენ ავიღეთ. გზადაგზა აქაც ვჩერდებით, სტუმრები ფოტოებს იღებენ, ცდილობენ არაფერი გამორჩეთ, ფოტოზე აღბეჭდონ თბილისის სილამაზე. როგორც იქნა ავედით. ულამაზესი ხედი გადაგვეშალა წინ _ ხელისგულივით ჩანს ქვეყნის დედაქალაქი. ჩემი სტუმრები მთელს ფუნიკულიორს ერთ წამში მოედვნენ, მე კი გავყურებ ჰორიზონტს და მახსენდება პოეტის სიტყვები: "საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში". ტელეფონის ზარმა ფიქრები შემაწყვეტინა _ გურიიდან ჟურნალისტი მირეკავს, გადაცემაში მიწვევს; რადგან თბილისში ვარ, შეუძლებელია ჩემი გადაცემაში მისვლა. მადლობა გადავუხადე და შევთანხმდით, რომ ოზურგეთში ჩავალ თუ არა, მაშინვე შევატყობინებ და მის გადაცემაში სტუმრადაც მივალ.
გვიანობამდე შემოვრჩით მთაწმინდას. ღამე კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა ლამპიონებით განათებული ჩვენი თბილისი. ამ ხნის განმავლობაში კი მოვასწარი და ჩემს სტუმრებს შეძლებისდაგვარად დავაგემოვნებინე ქართული სამზარეულოს რამდენიმე კერძი, ყველაფერი აინტერესებთ, რომელი კერძი რისგან შედგება და როგორ მზადდება. ქალებმა კერძის მომზადებისთვის ინგრედიენტები ჩაიწერეს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ბადრიჯანმა ნიგოზში, აჭარულმა ხაჭაპურმა და ხინკალმა. აღიარეს, რომ ქართული კერძები ძნელი მოსამზადებელია, თუმცა უგემრიელესია და პირობა მომცეს, რომ როგორც კი დრო და საშუალება მიეცემათ, მაშინვე საქართველოსკენ გამოემართებიან და დაათვალიერებენ საქართველოს სხვა კუთხეებსაც. დღეს ძალიან დავიღალე.
უკან სახლისკენ ვბრუნდებით. ჩემი სტუმრები ქართულ სიმღერას ღიღინებენ, სასიამოვნო მოსასმენია მათი ნამღერი "გელინო" _ რაღაცნაირად გულშიჩამწვდომად მღერიან და ცდილობენ, რომ აგიყოლიონ. ასე ღიღინით და მხიარულებით ჩამოვედით მთაწმინდიდან. მეგობრები სასტუმროსთან მივიყვანე იმისთვის, რომ ბარგი აიღონ და აეროპორტისკენ გაეშურონ. დღეს სახლში ბრუნდებიან, მათ დროებით დავემშვიდობე და სახლისაკენ გამოვეშურე, სახლში ნათესავები დავაბინავე, რამდენიმე საათი შევისვენე. ამ რამდენიმე საათში ვასწრებ და ვურეკავ დედას, ვესაუბრები თანაპარტიელებს. აი, დრო მოვიდა და აეროპორტისკენ გავეშურე. აეროპორტში იმ დროს მივედი, როდესაც მეგობრებს ბარგიც ჩაბარებული ჰქონდათ და რეგისტრაციაც გავლილი. აეროპორტი სავსე იყო ხალხით, თუმცა მათი პოვნა არ გამჭირვებია. ერთმანეთს თბილად დავემშვიდობეთ. წასვლას მაინც არ ვჩქარობ, ველოდები როდის გაივლიან საპასპორტო კონტროლს, რომ ხელი დავუქნიოთ ერთმანეთს; აი, საპასპორტო კონტროლიც გაიარეს, ყველანი შუშის კედლის მიღმა ერთად დადგნენ, ხელს მიქნევენ და ერთხმად ყვირიან: მე მიყვარს თბილისი! მე მიყვარს საქართველო! ამის შემდეგ აეროპორტი დავტოვე და სახლისკენ გამოვეშურე. სწორედ ეხლა ვიგრძენი, რომ საშინლად დაღლილი ვარ. სახლში მოვედი, ჩემი სტუმრები ჩანთებს ამზადებენ, გამთენიისას მათაც გავაცილებ აჭარისკენ. დაძინების ნაცვლად, ისევ ინტერნეტს და სოციალურ ქსელს მივაშურე, ვათვალიერებ მთელი დღის მასალებს, ვკითხულობ სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. უკვე გვიანია, მე კი რული არ მეკარება და ასე ინფორმაციების და შთაბეჭდილებების ზღვაში მათენდება თავზე.
ოთხშაბათი
დილის 5 საათია. ჩემი სტუმრები აჭარისკენ გავაცილე და ვფიქრობ, რომ თუ რამდენიმე საათი არ დავიძინე, ცუდად გავხდები. ამ ფიქრებით მეძინება, თუმცა რამდენიმე საათში ისევ რეკავს მაღვიძარა და ვიცი, რომ უნდა ავდგე. მეუღლისთვის საუზმეს ვამზადებ, მე კი ჩვეულებისამებრ ისევ ყავას მივირთმევ და ისევ სოციალური ქსელს ვათვალიერებ. დღეს პარტიის ოფისში უნდა წავიდე, რამდენიმე დღეა არ ვყოფილვარ, წინასაარჩევნო პერიოდია, პარტიაში უამრავი საქმეა, მუდმივი ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით ახალგაზრდები ჭარბობენ, იქაურობას განსაკუთრებულ მუხტს სძენენ. ოფისში შესვლისთანავე მათი ხმის გაგონება მიყვარს. ოფისში ყოველდღიურად მიმდინარეობს საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენელთა ტრენინგები. სახლიდან გავდივარ. სადარბაზოსთან მეზობელი მხვდება, მესალმება და აკანკალებული ხმით მეუბნება: ესაა მთავრობა? ესაა ოცნება? ჩემი წამალი კიდევ გაუძვირებიათ… წამალს მაჩვენებს და თან მეორე ხელით თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს. გავჩერდი, ხმას ვერ ვიღებ, თითქოს ჩამიწყდა ხმის იოგები, არ ვიცი რა ვუთხრა და რით დავამშვიდო ასაკოვანი მეზობელი. ერთი ეს მოვიფიქრე: ნუ გეშინიათ, შემოდგომაზე ამ ხელისუფლებას გავისტუმრებთ და თქვენი წამლის ფასიც მერე დარეგულირდება და ხელმისაწვდომი გახდება, – შვილო, მე შემოდგომამდე მივაღწევ ნეტა? ისე მინდა მოვესწრო ამათ ხელისუფლებიდან წასვლას, ღმერთს ვევედრები, რომ ამ დღეს მომასწროს. კარგა ხანს ვისაუბრეთ, აღელვებული მეზობელი ნელ-ნელა დამშვიდდა. ბოლოს გამომიტყდა, რომ შალვა ნათელაშვილი ძალიან უყვარს და პატივს სცემს, ჩურჩულით კი გამანდო, რომ ხმას აუცილებლად ლეიბორისტულ პარტიას მისცემს. უსაშველოდ გამიხარდა, გადავეხვიე და მადლობაც გადავუხადე ნდობისთვის. ცოტა ხანში დავემშვიდობე და პარტიის ოფისისკენ საზოგადოებრივი მეტროთი წავედი. მიყვარს მეტროთი მგზავრობა, უამრავ ადამიანს ხედავ, მათთან ერთად მგზავრობ და მათთან ერთად ბრუნდები სახლში. 7-8 წუთში უკვე პარტიის ოფისის კართან ვიდექი. ჟურნალისტები ირეოდნენ, ხალხმრავლობა იყო, პარტიის ლიდერს ბრიფინგი ჰქონდა, ჟურნალისტების სიმრავლეც სწორედ ამის გამო იყო. დღის მეორე ნახევრამდე პარტიის ოფისი არ დამიტოვებია, ასე 16.00 საათისთვის გამოვედი ოფისიდან და წავედი ერთი ჩემი ფეისბუქმეგობრის მოსანახულებლად, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მომწერა, რომ ოპერაცია გაიკეთა. მაშინ დავპირდი, რომ აუცილებლად ვინახულებდი. მაღაზიაში შევირბინე, უცებ ვიყიდე მაწონი, ხაჭო, ორცხობილა, წვენი და რადგან საავადმყოფო ვიცოდი, პირდაპირ საავადმყოფოსკენ წავედი. პალატასაც ადვილად მივაგენი. მართლაც ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა. დიდხანს ვისაუბრეთ, გამოჯანმრთელება ვუსურვე და სახლისკენ წამოვედი. უკვე ღამდებოდა, როცა სახლში შემოვედი. კომპიუტერი ჩავრთე და ინტერნეტში უკან გადახვევის პროგრამით იმ ინფორმაციების ნახვა დავიწყე, რომელიც სახლში არყოფნის გამო ვერ ვნახე. ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა ყურება _ სამგორის რაიონის ერთ-ერთი უბნიდან ნაცნობი ქალი მირეკავდა, მითხრა, რომ 2 დღეა უკვე მათ უბანში წყალი არ მოდის, მეზობლებთან ერთად "ცხელ ხაზზეც" დაურეკავთ, თუმცა უშედეგოდ. დავპირდი, რომ მეორე დღეს აუცილებლად მივიდოდი მათთან და ერთად დავგეგმავდით როგორ გვემოქმედა.
უკვე გვიანია, თუმცა სოციალურ ქსელში ვაქტიურობ, ვაკომენტარებ, ინფორმაციებს ვაზიარებ და ვკითხულობ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც დღის განმავლობაში გამომრჩა. ასე მიილია ეს ერთი დღეც, იმის იმედით, რომ ხვალ უკეთესი დილა გათენდება და რაც დღეს ვერ მოვასწარი, ხვალ გავაკეთებ.
ხუთშაბათი
დილის 7 საათია. მზე არ აცხუნებს, სავარჯიშოდ გავდივარ. ნახევარსაათიანი ვარჯიშის შემდეგ სახლში ვბრუნდები, ყავა მოვადუღე და სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციების კითხვა დავიწყე. პარალელურად, საუზმესაც ვამზადებ. საუზმობისას მეუღლესთან ერთად განვიხილავთ ერთმანეთის დღის გეგმებს და ასე ვემშვიდობებით ერთმანეთს საღამომდე. მე იმ უბანში მივდივარ, საიდანაც წინა დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ორი დღეა წყალი არ მოდის. რამდენიმე წუთში აღნიშნულ უბანში მივედი. ნაცნობი ქალბატონი და კიდევ მასთან ერთად რამდენიმე ქალბატონი ეზოში მელოდებოდა. მითხრეს, რომ წყალი გამთენიისას მოვიდა და ჩემი შეწუხების გამო წუხდნენ, მე კი პირიქით, მესიამოვნა მათი ნახვა. საუბრისას კიდევ რამდენიმე ქალბატონი შემოგვემატა, პირველ სართულზე უცებ ყავა მოადუღეს და ეზოში გამოგვაწოდეს, ვიღაცამ ხილით სავსე თეფში მოიტანა და ასე ვიჯექით ეზოში 8 ქალი და ვსაუბრობდით ქალების პრობლემებზე, ბედსა თუ უბედობაზე, პოლიტიკაზე, ქალაქზე, უბანზე, არჩევნებზე და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობებზე. შუადღემდე შემოვრჩი მათთან, ასე 15.00 საათისთვის კი დავემშვიდობე ქალბატონებს და წამოვედი. გზადაგზა ტელეფონზე ვსაუბრობ. ოზურგეთში დავრეკე, რამდენიმე დღეა მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე და აგვიანებს; აპარატის უფროსს ჩემს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ ამბის გაგება ვთხოვე. მითხრა, რომ ინფორმაციის დაგვიანების მიზეზი ინფორმაციის მოცულობა იყო, რომელიც საკმაოდ სქელტანიანია და გადაქსეროქსება ბევრ დროს მოითხოვს. როგორც ჩანს კიდევ რამდენიმე დღე მომიწევს ლოდინი, სანამ მოთხოვნილ ინფორმაციას მივიღებ. ისევ მირეკავს ტელეფონი, ეხლა უკვე მეგობრები რეკავენ, დღის მეორე ნახევარი მთლიანად მეგობრების წრეში გავატარე, რომელსაც პოლიტიკაზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. მეგობრებს დავემშვიდობე და სახლისკენ წამოვედი, სახლში უამრავი საოჯახო საქმე დამიგროვდა და შევუდექი საოჯახო საქმეების კეთებას. საქმე გვიან დავამთავრე, თუმცა დაძინებას არ ვჩქარობ, კომპიუტერი ჩავრთე, სოციალურ ქსელში ინფორმაციები გადავათვალიერე და ასე მომეპარა შუაღამე და ძილი.
პარასკევი
დილის 7 საათია. მაღვიძარა რეკავს, რეკავს გაუთავებლად, ვდგები, კარგი ამინდია, დილაა, ოდნავ გრილა კიდეც, ვიცმევ და სავარჯიშოდ გავდივარ, ნახევარი საათის შემდეგ უკან სახლში ვბრუნდები, ისევ ფინჯანი ყავა, საუზმე მეუღლისთვის და ინტერნეტში სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გაცნობით დაიწყო ჩემი ახალი დღე. სახლიდან 10 საათისთვის გამოვედი. ეთნიკური უმცირესობიდან ერთ ნაცნობ ახალგაზრდა ქალთან მივდივარ სახლში, მარტოხელა დედაა, სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი შვილებით და ისევ დედობის მოლოდინში, რამდენიმე კვირის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ქალაქის საკრებულოში განცხადების დატოვება სურდა, თუმცა შვილებს ვერავის უტოვებდა, თანაც უკვე მასაც სიარული უჭირდა, მოვილაპარაკეთ, რომ მას სახლში მივაკითხავდი განცხადების დაწერაში და ბავშვებით სახლიდან გასვლაში მივეხმარებოდი, შემდეგ ამ განცხადებას და ყველა აუცილებელ საბუთს საკრებულოში ერთად წავიღებდით და ჩავაბარებდით, ახალგაზრდა ქალთან სახლში მისვლამდე მობილურზე მისი ნომერი ავკრიფე, მიპასუხა, ვუთხარი, რომ მასთან მივდივარ და სახლში უნდა დამხვდეს, მის სახლთან მაღაზიაში შევირბინე, ბავშვებისთვის ტკბილეული ვიყიდე და ავუყევი კიბეებს, კარს მივადექი, ბავშვები მოციმციმე თვალებით კარებთან შემომეგებნენ კითხვით: რა მომიტანე? და როდესაც ვაჩვენე რაც მივუტანე უცებ გამომტაცეს ხელიდან კანფეტები და ოთახის შუაგულისკენ გაიქცნენ, ჩვენ განცხადების წერას შევუდექით, განცხადება დავწერეთ, ბავშვებს ჩავაცვით, ყველა აუცილებელი საბუთი ავიღეთ და თბილისის საკრებულოსკენ წავედით, საკრებულოს რეგისტრატურაში განცხადება ჩავაბარეთ, გარეთ გამოვედით, აბა ბავშვი რის ბავშვია და უცებ სამივემ ერთხმად მორთო ტირილი, რომ ნაყინი უნდათ, დედა აწყნარებს, თუმცა ვინ უსმენს დედის სიტყვებს, ქუჩა გადავირბინე ნაყინები ვიყიდე, ახალგაზრდა დედას და ბავშვებს გავუმასპინძლდი, გზა თავისუფლების მოედნიდან მათ სახლამდე დიდ ორომტრიალში გავიარეთ, ბავშვები ისევ ტიროდნენ და ისევ ნაყინს ითხოვდნენ, დედის შეგონება, რომ ამდენი ნაყინი არ შეიძლება, რომ ყელი ეტკინებათ უფრო აღიზიანებდათ და ტირილს უფრო უმატებდნენ, როგორც იქნა სახლთან მოვედით და პატარები ასე ტირილით ავიდნენ კიბეებზე და შევიდნენ სახლში, მე უკან გამოვბრუნდი, რაღაცნაირად მსუბუქად ვგრძნობდი თავს, რომ თუნდაც ერთ ადამიანს რაღაცაში დავეხმარე, ეს სასიამოვნო შეგრძნებაა და დადებითად გმუხტავს. აქედან პარტიის ოფისისკენ წავედი და თითქმის 18.00 საათამდე ოფისში ვიყავი. ოფისიდან გამოსული სახლისაკენ წამოვედი, გზად მაღაზიაში შევიარე სახლისთვის მცირეოდენი პროდუქტი ვიყიდე და სახლში მოვედი. მოგვიანებით ძმასთან წავედი, პატარა ძმისშვილი მყავს, რომელთანაც თავისუფალი დროის გატარებას არაფერი მირჩევნია, ძმის ოჯახში გვიანობამდე შემოვრჩი, სახლში გვიან მოვედი და ჩვეულებას არ ვუღალატე სოციალური ქსელი გავხსენი, ინფორმაციების კითხვა დავიწყე და შემძრა მიუნხენში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ისევ ტერორისტული აქტი, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და ესაა ყველაზე შემაძრწუნებელი, ტერორიზმი იქცა 21 საუკუნის ყველაზე საშინელ საფრთხედ, მსოფლიო შიშმა მოიცვა, ადამიანებს უსაფრთხოების განცდა დაეკარგათ, ფოტოების თვალიერება დავიწყე, თუმცა ვერ შევძელი და სწრაფად დავხურე გვერდი, ძალიან მძიმე და მტკივნეულია, მეგობრების მიერ გაზიარებული პოსტებსაც გადავავლე თვალი, ძირითადად ყველა პოსტი მიუნხენის ტერაქტს ეხებოდა, ზოგიერთი დავაკომენტარე, ზოგიერთი გავაზიარე, ასე მძიმედ და სამწუხარო ინფორმაციებით დასრულდა ეს დღეც.
შაბათი -კვირა
ჩვეულებისამებრ დილის 7 საათზე მაღვიძარამ გამაღვიძა, სავარჯიშოდ გავედი, ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულებზე ფიქრი არ მშორდება, საშინლად მძიმე ხასიათზე ვარ, ნახევარ საათში უკან დავბრუნდი, ყავა მოვადუღე, კომპიუტერი ჩავრთე და საინფორმაციო სააგენტოების მიერ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციების კითხვა დავიწყე, პარალელურად დილის საუზმის მომზადება დავიწყე, მაგიდა სწრაფად ავალაგე და სახლიდან გავედი, თავისუფლების მოედანზე გავედი და თავისუფლებიდან რუსთაველამდე სუვენირების და სუნამოების მაღაზიებს ჩამოვუარე, მეგობრისთვის საჩუქარს ვეძებ, საღამოს უნდა მივიდე დაბადების დღე მივულოცო, დიდი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა საჩუქარი შევარჩიე და სახლში დავბრუნდი, ცოტა დავისვენე, თუმცა ისევ სახლიდან გასვლას ვაპირებ, დღეს შაბათია და ჩვეულებისამებრ როგორც ყველა ტაძარში, იმ ტაძარში რომლის მრევლიც მე ვარ ლოცვა აღევლინება, ამიტომ ტაძარში მივდივარ. ლოცვა ერთადერთი შვებაა, რომელიც გადაღლილი კვირის შემდეგ შვებას ანიჭებს ადამიანის სულს და ტაძრიდან გამოსული ჩიტივით მსუბუქად დააბიჯებ, არაფერი არ შეედრება ამ სიმსუბუქის შეგრძნებას. ტაძრიდან სახლში დავბრუნდი, საჩუქარი ავიღე და მეგობრის დაბადების დღეზე წავედი, მეგობრის დაბადების დღის სუფრაზე სადღეგრძელო სადღეგრძელოს ცვლიდა, ყანწი ყანწზე შეისვა, სტუმრები შეზარხოშდნენ, ეს კი ჩემთვის ის დროა, როდესაც მე სადაც არ უნდა ვიყო და ვისთანაც არ უნდა ვიყო ვტოვებ სუფრას, დღესაც ასე მოვიქეცი მეგობარს დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი. სახლში მოვედი და მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვიყავი კომპიუტერი მაინც ჩავრთე, სოციალური ქსელი დავათვალიერე, პირადში მოწერილ ფოსტებს ვუპასუხე და დღევანდელი დღე ასე დავასრულე.
კვირას დილიდან ტაძარში წავედი. წირვის დასრულების შემდეგ სახლში დავბრუნდი და მთელი დღე ჩემს ოჯახთან ერთად გავატარე. ასე დასრულდა ჩემთვის ეს ერთი კვირა, რომელიც არაფრით განსხვავებული არაა სხვა ქალების კვირეებისგან და დღეებისგან. მე კი გემშვიდობებით კეთილი სურვილებით.
შემდეგი კვირის "ბლოგ-პოსტს" ჩემს კოლეგას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ნინო გოგუაძეს გადავაბარებ.