საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თვალსაზრისით, საპროცესო გარიგება თავისი არსით სწორი ინსტრუმენტია, მაგრამ საქართველოში ის ყოველთვის არასწორად გამოიყენებოდა. ასე გამოეხმაურა ტავდაცვის მინისტრი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ პროკურატურამ შესაძლოა ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგება გააფორმოს.
დაკავებულების ნაწილის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან "ვაჭრობა" მიმდინარეობს. თინა ხიდაშელის თქმით, საპროცესო შეთანხმება თავისთავად ვაჭრობას ნიშნავს, თუმცა მან არ იცის რასთან გვაქვს საქმე.
"როცა საპროცესო შეთანხმება ფორმდება დამნაშავესთან, ეს ხდება ორი მიზეზით, რომ ის უნდა აღიარებდეს დანაშაულს და მეორე, უნდა არსებობდეს გარემოებები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანის გარეთ ყოფნა აღარ არის საფრთხის შემცველი ერთი მხრივ და მეორე მხრივ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ანუ ისეთი ტიპის ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რომ იმაზე გაცილებით ღირებული იყო, ვიდრე ის, რის გამოც ციხეში იჯდა", – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საზოგადოების ინტერესი ამ საქმეზე ძალიან მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული და ძალიან საინტერესოა, რატომ მიმდინარეობს ამ ადამიანებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
ხიდაშელის თქმით, პროკურატურა ვალდებულია განუმარტოს საზოგადოებას, რა მოტივაციით მიმდინარეობს საპროცესო გარიგების გაფორმება.