დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრი გაიხსნა.
ცენტრის კოორდინატორი გიგი მახარაძე ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მოხელეებს ცენტრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მისი თქმით, მედიაცენტრი ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს და პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო პერიოდში უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს შესთავაზებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.
ასევე, მედიაცენტრი ხელს შეუწყობს დეპუტატობის კანდიდატებს და ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას.
კონკრეტულად კი, მედიაცენტრში დაგეგმილია კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების ჩატარება; ჟურნალისტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო თემაზე. ასევე არჩევნების დღეს ჩატარდება ბრიფინგებიც.
გიგი მახარაძემ შეხვედრის მონაწილეების კითხვებსაც უპასუხა. კერძოდ, დებატების რეჟიმში კანდიდატები შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს, მედიაცენტრი კონტრაქტის საუძველზე იმუშავებს თუ რაიმე ვალდებულებით.
გიგი მახარაძემ განმარტა, რომ მედიაცენტრი არანაირი ვალდებულებით არ იმუშავებს. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებენ ინტერნეტის სისწრაფის მომატებასაც. ხუთი კომპიუტერიდან ორი ჟურნალისტებისთვის იმუშავებს. დებატებს რაც შეეხება, მას მოწვეული სტუმარი გაუძღვება.
მედაცენტრი საქართველოში სულ ცხრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიხსნა და 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.