თბილისის მერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს.
ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც მსგავს არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება უმკაცრესი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე,საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან", _ აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს ქ. თბილისში 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 000 ლარის გადაცემა. 2016 წლის 22 ივლისს დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს გამოართვა წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 5000 ლარი, ხოლო 2016 წლის 25 ივლისს გამოართვა თანხის მეორე ნაწილი – 5000 ლარი, რა დროსაც ის დააკავეს.