საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, "გურია ნიუსის" ოფისში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში", ახალგაზრდებთან შეხვედრისას, აღნიშნა, რომ განათლების სისტემა პოლიტიკური კონფრონტაციისგან მაქსიმალურად შორს უნდა იყოს და განაცხადა, რომ განათლების მინისტრი ყველაზე დეპოლიტიზებული მინისტრია, რაც სწორია.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პირდაპირ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ უმუშევრობას, რადგან ვაფინანსებთ პროფესიებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება არ იყოს მოთხოვნადი. ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, ვამყოფებთ ილუზიაში, რომ ისწავლიან, დაამთავრებენ, მიიღებენ პროფესიას და აღმოჩნდება, რომ ეს პროფესია ამდენად საჭირო არ არის.
ამ დროს, მეორეს მხრივ, ქვეყანაში გვაქვს რაღაც პროფესიებზე გამოკვეთილი მოთხოვნა და ისინი არ ისწავლება, რადგან ეს არ არის ახალგაზრდებში პოპულარული. ეს ჩვენი ბრალია, რადგან ჩვენ საკმარისად არ ვეუბნებით ახალგაზრდებს, რომ დასაქმების შანსი გაცილებით მაღალი იქნება, თუ ისწავლიან, მაგალითად, სამოქალაქო ინჟინერიას, ვიდრე, თუ ისწავლიან, მაგალითად, იურისპრუდენციას.
თუმცა, არის პროფესიები, რომლებიც არც ერთ ბაზრის კვლევაში არ გამოიხატება – ჰუმანიტარული მიმართულებები, კლასიკური ფილოლოგია, ფილოსოფია და ა.შ რომლებიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, რადგან ერს სჭირდება ინტელექტუალური საზრდო და ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. ასეთი ნაზავი სტრატეგიით ვფიქრობთ, წავიდეთ წინ და მინიმუმ ის გავაკეთოთ, რომ სახელმწიფომ საკუთარი სტიპენდიით არ წაახალისოს ის პროფესიები, სადაც დიდი ალბათობაა, რომ ადამიანები უმუშევრები დარჩებიან“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.