არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალ ინიციატივებს ახორციელებს.
საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიან ტრენინგს გადიან.
ტრენინგი, დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიებას, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ ბახტურიძე ესწრებოდა.
"საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველად ხდება აღნიშნული თემის ინიცირება. აღსანიშნავია ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციასა და შს სამინისტროს შორის არსებობს, ვინაიდან მნიშვნელოვანია არჩევნების ჭრილში უსაფრთხოების, შესაძლო კონფლიქტების მოგვარების გზებზე საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და დაცული გარემოს ხელშეწყობა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას სჭირდება", – განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნერმინ ნისიჩმა მედიასთან მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება, – „აუცილებელია საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად კარგად არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდეც. შესაბამისად, ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი როლი საარჩევნო პროცესში. ცესკო თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ მისი როლი მაქსიმალურად კარგად შეასრულოს და საარჩევნო პროცესის უმაღლეს დონეზე შესრულება უზრუნველყოს“, – აღნიშნა IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა.
ტრენინგის მონაწილეები, არჩევნების ჭრილში კონფლიქტებისა და მათი გადაჭრის გზებს, ასევე დაცულობის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ. ტრენინგს, IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი ატარებს, რომელიც 2001 წლიდან დღემდე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტებს ხელმძღვანელობს და წამყვანი ექსპერტია საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში.
მიღებულ ცოდნას ტრენინგის მონაწილეები შემდგომ უკვე მათი უწყებების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.
ზემოაღნიშნულ ღონისძიებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით (IFES) ახორციელებს.