თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი ხ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ხ.-ს ბარალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ.
"საქმე ეხება, 2016 წლის 22 თებერვალს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, წარდგენილი ბრალდების თანახმად გიორგი ხ. ყაჩაღობის მიზნით, შევიდა საცხოვრებელ ბინაში, სადაც მისი ინფორმაციით ინახებოდა 7000 აშშ დოლარი. ხსენებული დანაშაულის გაადვილების მიზნით, მან ნონა რ.-ს თავში ჩაარტყა სკამი, რის შემდეგაც მას და მის ქალიშვილს, მცირეწლოვან მარიამ მ.-ს დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. ამასთან, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ სახლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული და საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე- პატიმრობა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 15 სექტემბერს, 11 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: