საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევისა და გამწესების საკონკურსო პირობები გამჭვირვალეა და ზედმიწევნით სრულდება. აღნიშნულის შესახებ გვენეტაძემ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე – იყო თუ არა კონკურსის პროცედურები ყველა წესის დაცვით გამჭვირვალე? – გვენეტაძე გვპასუხობს:
„მოსამართლედ გამწესების რეგულაციებზე არასამთავრობოების მხრიდან აქტიური კრიტიკა მიმდინარეობს, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არსებული რეგულაციებით, კანონით საერთო სასამართლოების პირობებში ნამდვილად ცდილობს რომ ყველა რეგულაცია რომელიც არის ზოგადი და არ არის კონკრეტიზირებული, შეასრულოს“.
თუმცა, ასევე გვენეტაძე აღნიშნავს, რომ „შეცდომები და ხარვეზები ყველა პროცესს თან სდევს“.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ბოლო კონკურსის დროს, მოსამართლეთა მსურველის 125 განაცხადი იყო შესული, აქედან 44 მოსამართლის გამწესება მოხერხდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლედ იმ პირს ამწესებს, რომელიც საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 14 წევრია და მოსამართლედ დამტკიცებას 10 ხმა სჭირდება.
„გურია ნიუსი“ ნინო გვენეტაძესთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.