საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი გეხამ კოსემიანი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი ,"ვინსტონისა“ და "ქემელის“ მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6-წლამდე ვადით.