რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობდა. ოლიმპიადაში მსოფლიოს 75 ქვეყნის 300 საუკეთესო მოსწავლემონაწილეობდა
ოლიმპიადა დღეს დასრულდა. ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს მსგავსი მაღალი დონის შეჯიბრს.
„ოლიმპიადები, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ხელს უწყობს მეგობრობასა და თანამშრომლობას მოსწავლეებს შორის. სწორედ ამ დროს მყარდება მჭიდრო კონტაქტები პოტენციურ ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებს შორის და ხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. თქვენთვის ეს მართლაც ძალიან ამაღელვებელია მომენტი უნდა იყოს _ თქვენ ხომ დღეს ეჯიბრებით თქვენს თანატოლებს მთელი მსოფლიოდან. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს შორის, ქიმიით დაინტერესების ასეთ მაღალ დონეს ვხედავ“, _ მიმართა პრემიერმა ოლიმპიადის მონაწილეებს.
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას 50-წლიანი ისტორია აქვს.
მასში საქართველო ცოტა ხნის წინ ჩაერთო და პირველად, ოთხკაციანი გუნდით, 2014 წელს, ვიეტნამში, ჰანოეს 46-ე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მთელი ძალისხმევა განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური სტრატეგიების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს წარმატებები და ბევრი სამეცნიერო აღმოჩენა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ოლიმპიადა მათზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.