„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს. კახიძე ამბობს, რომ გაუმართლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება იმაში, რასაც თავად აკეთებს „ქართული ოცნება“.
„საკონსტიტუციო რევოლუციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება, უტიფარი ბრალდებაა. ყველასთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოსამართლეებზე განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მოსამართლეებმა მოითხოვეს საქმეების განხილვის უფლება პროკურატურას გადასცემოდა. ამით, პრაქტიკულად, ქმედუუნაროდ გამოაცხადეს საკუთარი თავი. ეს შედეგი იყო იმ თავდასხმისა, რომელიც სასამართლოზე გახორციელდა და რომლითაც მიიღეს კანონში ცვლილებები. არადა, გვახსოვს თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოჯახებზე და საპროტესტო აქციების გამართვა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. გვახსოვს მოსამართლის თანაშემწეზე გახორციელებული ზეწოლა, რომელიც ასევე გამოუძიებელია.
ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვგეგმავთ ამერიკული მარშალის ინსტიტუტის მსგავსი მექანიზმის შექმნას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოებს ჰქონდეთ საშუალება თავად გამოიძიოს მოსამართლეებზე ზეწოლის ყველა შემთხვევა და ეს არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლებასა და პროკურატურაზე. სასამართლოს თავად უნდა ჰქონდეს ბერკეტი იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“, _ ამბობს კახიძე.