არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ქალაქ ოზურგეთს მერს, ბეგლარ სიორიძეს ღია წერილით მიმართავს.
“მოგმართავთ, ოზურგეთში „9 აპრილის სკვერის“ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ ოზურგეთის მერიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების გამო.
9 აპრილის სკვერის“ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობა წარმოადგენს სკვერის სარეკრეაციო და საჯარო ფუნქციაში შეჭრისა და საჯარო სივრცის შემცირების უხეშ პრეცედენტს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, გადაწყვეტილებების საჯარო ინტერესის ჭრილში განხილვის პრინციპებს", _ ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ საჯარო სივრცე, მისი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დანიშნულებისა და პოლიტიკური ფუნქციის გამო, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, ამიტომაც აუცილებელია მისი დაცვა და შენარჩუნება, საჯარო სივრცის მიმართ ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საზოგადოებრივი განხილვის ფონზე, ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამჭვირვალედ წარმართვა.
“საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია ქალაქგეგმარების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო ინტერესის გათვალისწინება, შესაბამისად, მიუღებლად მიგვაჩნია სრულიად მოულოდნელად, საზოგადოების მონაწილეობისა და დაინტერესებული პირების რეალური ჩართულობის გარეშე, სკვერის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობა, საჯარო სივრცის დაკავება და ეკოლოგიური გარემოს ცვლილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და საჯარო სივრცეების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს პარკის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები; აღდგეს ოზურგეთში „9 აპრილის პარკი“ პირვანდელი მდგომარეობით; დაუყოვნებლივ გახორციელდეს პარკის ეკოლოგიური და სივრცითი რეაბილიტაცია! _ მიმართვას ხელს აწერს არასამთავრობო ორგანიზაციები: „მწვანე მუშტი“, „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“, „პარტიზანული მებაღეობა თბილისი“, “ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი”, „მწვანე ალტერნატივა“, „იარე ფეხით“ და “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის”.