ტაილანდში, ტურისტულ ზონაში კოორდინირებული აფეთქებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოპულარულ საკურორტო ქალაქ ჰაუა ჰინში გასული 24 საათის განმავლობაში 4 ბომბი აფეთქდა.
გავრცელებული ცნობით, ღამით 2 აფეთქება იმ ბართან მოხდა, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. თავდამსხმელებმა ამ დილით 2 აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე საათის კოშკთან განახორციელეს.
როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ აფეთქებები სეპარატისტმა მეამბოხეებმა განახორციელეს.
მაუწყებლის ცნობით, აფეთქებები ტაილანდის დედოფლის დაბადების დღემდე 2 დღით ადრე მოხდა.
როგორც ცნიბილია, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტაილანდის ტურისტულ ზონებში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ურჩევს სიფრთხილე გამოიჩინონ.
"უსაფრთხოების მიზნით, უმჯობესია, მოქალაქეები საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს მოერიდნონ და ადგილობრივი ხელისუფლების რჩევები გაითვალისწინონ", _ ნათქვამია განცხადებაში.