განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, დღეს, ახალგაზრდობისათვის თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "უმაღლესი განათლება არ უნდა იყოს საყოველთაო".
ჯეჯელავა ახალგაზრდებს პროფესიების ათვისებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ უმაღლესი სასწავლებელში უნდა ჩააბაროს მან, ვინც თავის თავს აკადემიურ სფეროში ხედავს. როგორც მინისტრი ამბობს, მას უამრავი წერილი მისდის ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილი აბიტურიენტებისგან. წერილების ავტორთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ „მათი ცხოვრება დასრულდა“.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს. დღესდღეობით, ეს 16% რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, რადგან ზოგ ქვეყანაში ეს არის 25%, ზოგან 50%–იც და მეტიც. რაც უფრო ძლიერი უმაღლესი განათლების სისტემა აქვს ქვეყანას, მით უფრო ფრთხილად არჩევს მონაწილეებს”, _ განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრი ახალგაზრდებს საქართველოში მოთხოვნად პროფესიებს ახსენებს: ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი უსამსახურო იურისტი გვყავს, ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, დაზღვევის აგენტები… ეს ყველა პროფესიული მიმართულების საქმიანობაა, რომელზეც ადამიანმა შეიძლება ოთხი წელი არ დახარჯოს და შეძლოს პროფესია საკმაოდ მოკლე ვადაში აითვისოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისოს და რაც შეიძლება, მეტი ალტერნატივა განიხილოს ამ პროცესში, განაცხადა მინისტრმა.