“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა. დასახელებული კანდიდატებიდან მხოლოდ ერთი ქალია.
“ქართული ოცნების“ ახალი სახე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, თამარ ჩუგოშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ჯერ არ დასრულებულა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. ჩვენ ასევე დავინტერესდით რატომ არ არიან წარმოდგენილი რეგიონებში ქალი კანდიდატები.
“ამ ეტაპზე დასრულდა კანდიდატების წარდგენა რეგიონებში და ველოდებით თუ ვინ იქნება დეპუტატობის კანდიდატები თბილისში, იმედი მაქვს, რომ იქ იქნებიან ქალი კანდიდატები. ნამდვილად, ჯერჯერობით დასახელებული კანდიდატებს შორის მამაკაცები არიან და საკმაოდ რთული ვითარება არის ამ კუთხით. აჭარაში არის ქალი კანდიდატი, ფატი ხალვაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროპროციული სიაში ქალების წარმომადგენლობა იყოს ბევრად მაღალი და ამით დაბალანსდეს პარლამენტში იყოს ქალთა გაზრდილი რაოდენობა", _ გვითხრა თამარ ჩუგოშვილმა.