გუშინ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე საქართველოს სპორტულ დელეგაციას დაუვიწყარი დღე დაუდგა. ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ სამშობლოს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. მისი თანაგუნდელი ირაკლი თურმანიძე ბრინჯაოს დასჯერდა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეც მესამე გახლდათ.
გუშინდელი დღის პირველი მედალი შმაგი ბოლქვაძემ მოგვიტანა. შმაგი 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. თავდაპირველად ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია, შემდეგ კი მის გზას ირანელი ოლიმპიური ჩემპიონი ომიდ ნოროოზი გაუყენა.
ნახევარფინალში ქართველი სერბ დავორ შტეპანეკთან დამარცხდა. შეიძლება ითქვას რომ შმაგი მსაჯების არაობიექტურობის მსხვერპლი გახდა.
მესამე ადგილისთვის ჩვენი ფალავანი იაპონელ ტომოჰირო ინუეს დაუპირისპირდა და დაძაბულ პაექრობაში მისი ძლევა შეძლო.
ამის შემდეგ სპორტული მოვლენების ეპიცენტრმა ძალოსანთა ოლიმპიურ ფიცარნაგზე გადაინაცვლა, სადაც ოქროს მედალს + 105 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ათლეტები ეცილებოდნენ. ჩვენგან მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოდიოდნენ.
ორივე ქართველი ჩინებულ სპორტულ ფორმაში იმყოფება. ეს მათ მიერ ნაჩვენებმა შედეგებმაც დაადასტურა. ორივემ ყველა ცდა ბოლომდე გამოიყენა და მაქსიმალური შედეგი უჩვენა.
ირაკლი თურმანიძემ ატაცში 207, ხოლო აკვრაში 241 კგ დააფიქსირა, ჯამში 448 კგ დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ჩემპიონი კი ლაშა ტალახაძე გახდა. საჩხერელმა სპორტსმენმა ატაცში 215, ხოლო აკვრაში 258 კგ დააფიქსირა, ჯამში 473 კგ მოუგროვდა და გამარჯვებასთან ერთად ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
„ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით. მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამისთვის მე და ირაკლიმ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. პირველი ადგილი დავიკავე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა”, _ განაცხადა ასპარეზობის დასრულების შემდეგ ლაშა ტალახაძემ.
გუშინვე ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილმა (98 კგ) პირველივე წრეში წააგო და ოლიმპიადას ვადაზე ადრე დაემშვიდობა.
დღეს რიო-დე-ჟანეიროში მხოლოდ ერთი ქართველი გამოვა. კანოეში, სპრინტში ძალებს ზაზა ნადირაძე ცდის.