ბრაზილიურ რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა და უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა. ოთხი წლის შემდეგ მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ტოკიოში შეიკრიბებიან.
მიმდინარე ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის სარეკორდო აღმოჩნდა. დამოუკიდებელი გუნდით 1996 წლიდან გამოვდივართ და ერთდროულად შვიდი მედალი ჯერ არასდროს მოგვიპოვებია. ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო – ასეთია ჩვენებურების ბრაზილიური მონაგარი.
რიო-დე-ჟანეიროში ბოლო ორ დღეს ოთხმა ქართველმა ფალავანმა იასპარეზა, რომლებიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში გამოდიოდნენ. ამათგან 22 წლის გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პეტრიაშვილმა თავდაპირველად ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს მოუგო, მერვედფინალში კი უკრაინელ ალექს ზასეევს სძლია.
მეოთხედფინალში გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო. საბედნიეროდ ჩასემი ფინალში გავიდა და ქართველმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა.
პეტრიაშვილმა ჯერ კანადელ ქორი ჯარვისს სძლია, მესამე ადგილისთვის პაექრობაში კი სულ რაღაც 30 წამში აშშ-ის წარმომადგენელ ტერველ დლაგნევს მოუმთავრა საქმე.
იმავე დღეს 86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილი ასპარეზობდა. სამწუხაროდ სანდრო პირველივე შეხვედრაში პოლონელ მათეუშ ბარანოვსკისთან დამარცხდა.
გუშინ ოლიმპიური თამაშების დასკვნითი დღე გახლდათ და ორმა ქართველმა ფალავანმა იასპარეზა.
97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე გამოდიოდა. ჩვენებურმა თავდაპირველად სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს სძლია.
ნახევარფინალში ელიზბარი ამერიკელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ფრედერიკ კაილ სნაიდერთან დამარცხდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა რუმინეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ალბერტ სარიტოვთან წააგო.
გუშინვე 65 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილმა იასპარეზა. თავდაპირველად ნიგერიელ ამას დანიელს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში იტალიელ ფრანკ მარკეს ჩამიზოსთან წააგო. მოგვიანებით ბრძოლას იტალიელიც გამოეთიშა და იაკობაშვილმაც ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.