უკრაინაში ეროვნებით რუსი მამაკაცი, რომელიც პრეზიდენტის ნიღბის ტარების გამო არა ერთხელ დააკავეს, ვლადიმერ პუტინის ნიღბით უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რომან როსლოვცევმა რუსეთის ლიდერის სახით საპროტესტო აქციების გამართვის გამო რამდენიმე კვირა პატიმრობაში გაატარა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 36 წლის მამაკაცი უკრაინაში კვირას ჩავიდა, ხოლო ორშაბათს პოლიტიკური თავშესაფარი ოფიციალურად ითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, როსლოვცევი 11-ჯერ არის დაპატიმრებული.
როსლოვცევის განცხადებით, მას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან ემუქრებიან, რომელსაც პუტინი 1998-1999 წლებში ხელმძღვანელობდა.
ის ასევე ამბობს, რომ სურს უკრაინის ჯარს შეუერთდეს კრემლის მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლაში.
როგორც ცნობილია, რუსეთი უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას უარყოფს.
"მინდა უკრაინის ჯარს, ეროვნულ გვარდიას ან რომელიმე მოხალისე ბატალიონს შევუერთდე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გავაგრძელო,"_ამბობს როსლოვცევი.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კიევში მიგრაციის სამსახური როსლოვცევის საქმეს განიხილავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში უკრაინამ თავშესაფარი მიანიჭა კიდევ ერთ რუსს, რომელიც შიშობს, რომ პუტინის განმეორებით გაკრიტიკების შემთხვევაში ხელისუფლება მას ანგარიშს გაუსწორებს.