ტერაქტის საქმეზე ბრალდებულთათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში რჩება.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ვლადიმერ რუხაძის ადვოკატის, ნინო მახარაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად სცნო და შესაბამისად, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.
რაც შეეხება ვლადიმერ რუხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შიმშილობას განაგრძობს და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან სითხეებს იღებს.
როგორც ნინო მახარაძე აცხადებს, რუხაძე საკანში მარტო იმყოფება, თუმცა აღნიშნავს, რომ ბრალდებული სამარტოო საკანში არაა მოთავსებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქება 22 აგვისტოს აღკვეთა.
ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულები არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი საქართველოს – მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.