შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მასწავლებლის საგნის გამოცდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"პატარა განმარტებას გავაკეთებ – ჩემი თხოვნა არა გამოცდებს, არამედ უკვე ჩატარებული გამოცდების სტატისტიკას, ზღვარგადალახულთა რაოდენობის არასწორ ინტერპრეტირებას ეხება, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე. ეს ყველაფერი ცენტრის განცხადებაშიც დეტალურადაა განმარტებული.
თხოვნა მაქვს ყველასთან (მათ შორის მედიის წარმომადგენლებთანაც) – ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის გამოცდის ე.წ. სტატისტიკური მონაცემები ვერ იქნება ის ინფორმაცია, რომლითაც პედაგოგებზე, მათ პროფესიონალიზმზე თუ კვალიფიკაციაზე შეიძლება ვისაუბროთ. მონაცემების არასწორი თუ სუბიექტური ინტერპრეტირებით ნუ მივაყენებთ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მასწავლებლებს.
მითუმეტეს, როდესაც გამოცდებში არა მხოლოდ მოქმედი პედაგოგები, მასწავლებლობის ბევრი მსურველიც მონაწილეობს. სწორედ ამის გამო არ ვემხრობით ამ გამოცდის სტატისტიკური ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებას და არ ვაფასებთ შედეგებს – ეს არასწორი იქნებოდა. თუმცა, ცხადია, საჯარო ინფორაციის გაცემას კანონი გვავალდებულებს და ეს მონაცემები ოფიციალურად მივაწოდეთ დღეს მედიის წარმომადგენლებს.", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მაია მიმინოშვილმა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გაავრცელა.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის გამოცდას ატარებს, რომელიც სქემის ნაწილია. პედაგოგს გამოცდის წარმატებით ჩაბარება მხოლოდ ერთხელ მოეთხოვება.