ეს წუთია დასრულდა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გურიაში. როგორც ვწერდით, პარალელურად, ოზურგეთში ენმ-ს აქცია მიმდინარეობდა. აქციის წარმომადგენლები ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ, მაგრამ ყოფილმა პრემიერმა ოზურგეთის თეატრის შენობა სხვა გასასვლელიდან დატოვა, რასაც ხალხის შეძახილები მოჰყვა: „ხომ გითხარით, გაიქცევაო“, „ხალხთან შესახვედრი პირი არ აქვს“, მშიშარა“, _ ისმოდა შეძახილები.
ივანიშვილის წასვლის შემდეგ „გურია ნიუსთან“ სპეციალური განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ.
"როგორც ვფიქრობდით ისე მოხდა _ ბიძინა ივანიშვილი უკანა კარიდან გაიპარა. ივანიშვილს ხალხთან შეხვედრის მორალური უფლება არ ჰქონდა. სწორედ ამ მოედანზე, 4 წლის წინ, მან უამრავი ადამიანის წინაშე დაპირებები გასცა. ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და „გადააგდო“, _ გვითხრა მჟავანაძემ.