საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, თხილის ფასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსის" კითხვას უპასუხა.
"მე არსად არ მითქვამს, რომ თხილის ფასი იქნება მაღალი. ვთქვი, რომ მონოპოლიზირებული არ იქნება და დღეს გინდა თქვათ ასე არ არის?" – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, მისი აზრით, რატომ ხდება ხშირად, რომ თხილის ფასი მერყეობს ან კიდევ შეჩერებულია მისი მიღება? – ივანიშვილმა გვიპასუხა, რომ თხილის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე.
"თხილის ბაზარი არის საერთაშორისო. მე ვიცი, რომ ბოლო წლებში სარფიანი იყო თხილის წარმოება. ეს ბაზარი არ იმართება საქართველოდან და ფასები არ დგება საქართველოში. მთავარია ხელი არ შევუწყოთ ვინმემ დაბალ ფასში არ იყიდოს და ძვირად არ გაყიდოს", _ აღნიშნა ივანიშვილმა
მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, კახა ასკურავას შორის თხილის ფასს მცირე შეკამათება მოყვა.
"თხილის ფასი თუ იკითხეთ, რომ ჩამობრძანდით?" _ ჰკითხა ივანიშვილს ასკურავამ.
"რატომ უნდა ვიკითხო მე თხილის ფასი?" _ უპასუხა ასკურავას ივანიშვილმა.
"თქვენ პირდებოდით, იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა თხილის ფასი მინიმუმ ათი ლარი იქნებოდა", _ თქვა ასკურავამ.
"ტყუილს ამბობთ!"_ მოკლედ უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ასკურავას.