მინდა გიამბოთ ჩემს შესახებ….
დავიბადე გურიის ულამაზეს სოფელ დვაბზუში.
მიყვარს ჩემი სოფელი ჩემი ოჯახი, ჩემი ნავსაყუდელი…
მყავს მეუღლე, სამი შვილი, ოთხი შვილიშვილი. ამიტომაც შემარქვეს მეგობრებმა,, დიდი
სახლის დიდი დიასახლისი…
…დილა მუდმივად ოჯახზე ზრუნვით იწყება, ყველას სჭირდება დედის დარიგება, მითითება სიყვარულის განაწილება.
მიყვარს ჩემი პროფესია, რომელიც დიდ დროს და სიყვარულს ითხოვს _ ოცდაათი წელია ვემსახურები ჩემს საყვარელ პატარებს, ვმუშაობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
…რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, გავმხდარიყავი ჩემი სოფლის რჩეული, ამეღო პასუხისმგებლობა ოჯახის, სკოლის და სოფლის წინაშე. თანასოფლელების მხარდაჭერით გავხდი საკრებულოს დეპუტატი.
ვცდილობ ვაკეთო სიკეთე, დავეხმარო ჩემს თანასოფლელებს, ჩემი თემის ყველა პრობლემა მივიტანო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და გადავჭრა ხალხის სასიკეთოდ.
29 აგვისტო, ორშაბათი
სხვებისგან განსხვავებით, ორშაბათი ჩემთვის პოზიტიური დღეა, სიახლის საწყისი…
დღეს მეგობრებს უნდა შევხვდე, სკოლაში დაგეგმილია ტრენინგი ელექტრონულ ჟურნალების წარმოებასთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლა საპილოტე სკოლების ჯგუფში მოხვდა, რაც ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის დიდი გამოწვევაა…
ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა…
თორმეტ საათზე დაიწყო საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა.
სხდომის შემდეგ დავბრუნდი სოფელში. დვაბზუში მიმდინარეობს გაზიფიცირების მეორე ეტაპი. შევხვდი სამუშაო ჯგუფს და მოვინახულე მიმდინარე სამუშაოები. მოსახლეობა კმაყოფილებას გამთქვამს ამ პროექტის გახორციელებისათვის. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ოთხას ლარად (განვადებით) შეეძლებათ ოჯახში გაზის შეყვანა.
30 აგვისტო, სამშაბათი
დაიწყო ჩვეულებრივი რუტინა. ყავის მირთმევის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე, რომელიც გვერდით მიდგას ყველა პრობლემის მოგვარებაში და ჩემი დიდი მეგობარია, გავეშურეთ ჩემი თანასოფლელის ბატონ რომან რუსიეშვილის პრობლემის მოსაგვარებლად. ჩემთვის ცნობილი იყო ამ ოჯახის თხოვნა და კეთილი ადამიანების დახმარებით და გულისხმიერებით გადავჭერი ეს საკითხი.
ბატონ რომანს გადაადგილების პრობლემა აქვს და ჩვენგან მიტანილი ინვალიდის ეტლი მისთვის თანაგრძნობის და თანადგომის გამოხატულება გახდა, რომელიც, იმედია გაუადვილებს მძიმე ყოფას.
სოფლის პროექტით დვაბზუში შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმდინარეობს შეღობვითი სამუშაოები. მოვინახულე მუზეუმის დირექტორი ქალბატონი ნინო ჯაველიძე, ვისაუბრეთ და გავეცანი იმ პრობლემებს, რაც არსებობს აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით.
31 აგვისტო, ოთხშაბათი
დილით ჩემი რთული გრაფიკიდან გამომდინარე, მოვახერხე დვაბზუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მისვლა, ყოველი დღისთვის უფალს მადლობას ვწირავ და შევთხოვ ჩემი მოყვასის და ქვეყნის კეთილდღეობას.
მოვინახულე დვაბზუს საბავშვო ბაღის მენეჯერი ეკა სვანიძე, გავეცანი შესრულებულ სამუშაოებს, რომელიც დაიგეგმა სოფლის პროგრამით _ (უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა გაზის გამწოვი. ასევე, გაზიფიცირდა ბაღის შენობა ცენტრალური გათბობით, კეთილმოეწყო ბაღის ეზო მცენარეებით, რაც უმნიშვნელოვანესია სუფთა გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
ჩემი მომდევნო შეხვედრა შედგა გაღმა დვაბზუს ბაღის მენეჯერთან თეონა თენიეშვილთან. ბევრი რამ გაკეთდა წელს ბაღში: მთლიანად შეიცვალა სამზარეულო კერამიკული ფილებით გამწოვით, ცხელი წყლის გამათბობლით, მეტალოპლასტმასის ფანჯრით, კეთილმოეწყო საკვები პროდუქტების საწყობი ოთახი. თემის ორთავე ბაღში მიმზიდველი და სასურველი გარემოა შექმნილი.
ვბრუნდები ოჯახში… ყველა დაღლილობას მიხსნის ჩემი ლამაზი შვილიშვილების _ ერეკლეს,
ნიას, ლიკას, მარიამის გულში ჩახუტება და მიალერსება. ცხოვრება მშვენიერია!
1 სექტემბერი, ხუთშაბათი
დღეს ჩემი დაბადების დღეა…. როგორ მიყვარდა… ყველაფერი შეიცვალა ვიოლეტას, ჩემი ტყუპისცალის, ჩემი სულის ნაწილის გარდაცვალების შემდეგ..
ორი წელი გავიდა შენი წასვლის შემდეგ მარადიულ სასუფეველში…
როცა ამას ვწერ, თვალები ცრემლებით მევსება. ვგრძნობ დიდ ტკივილს და მონატრებას.
შენც გილოცავ, დაიკო …
შენი ამქვეყნიური კეთილი ცხოვრებით უფალი სასუფეველს დაგიმკვიდრებდა. მე ეს მჯერა!
იყავი წარმატებული, კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლიანი ადამიანი… დააკლდი ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლას, შენს ოჯახს მეგობრებს და მოსწავლეებს…
შენი ლამაზი სიცოცხლე შენს შვილებში გრძელდება რომლებიც კარგი მოქალაქეები და წარმატებულნი არიან თავიანთ პროფესიაში.
დილით მქონდა ბევრი მოლოცვა… უკვე ათი საათიდან გუბერნიის დარბაზში შეკრებილი იყვნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და გვსტუმრობდა საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტ-შემფასებელი მარინა გურბო, მოისმინა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ სამი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
ამ დღეს ვეძებ სიმშვიდეს და მარტოობას, მეუღლემ სიურპრიზი მომიწყო და წავედით ბათუმში…
დაბადების დღის მოსალოცად ოჯახში მოვიდნენ ჩემი მეგობრები _ ნინო და ნატო.
ვერ გაგიწიეთ გოგოებო მასპინძლობა, მაპატიეთ….
2 სექტემბერი, პარასკევი
პარასკევი დაიწყო ბევრი საქმით დატვირთული დღის რეჟიმით.
ძალიან გამიხარდა ჩემი თანასოფლელების კმაყოფილება, ისინი შეხვდნენ დეპუტატობის კანდიდატ ბატონ არჩილ თალაკვაძეს.
მოვინახულე ჩვენი თემის ნასაკირალის მოსახლეობა, გავეცანი რიგ პრობლემებს, მედიკამენტური დახმარების პაკეტით დახმარება გავუწიე ქალბატონ ნუნუ მარკოიძეს.
მოვინახულე ქალბატონი დარიკო ხანთაძე _ მრავალშვილიანი დედა, რომელსა დახმარება სჭირდება, აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა, ძვლის დაავადება, უჭირს გადაადგილება,
ამ ადამიანის პრობლემის მოსაგვარებლად მივმართე რაიონის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს, რომელიც ყველა ასეთ საკითხს გულისხმიერად ეკიდება და ყველას თანადგომას უცხადებს.
შევხვდი გაღმა დვაბზუს მოსახლეობას და პოზიტიური ინფორმაცია მივაწოდე: მოხდება სოფლის სრული გაზიფიცირება.
ჩემს რთულ საქმიანობას გაგებით და თანაგრძნობით ეკიდება ოჯახი, თბილი კერა და გარემო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსაციაა. ჩემი რძლის მარის მორთმეული ყავა კი ნამდვილი მაცოცხლებელი სითხეა ჩემთვის …
3 სექტემბერი, შაბათი
დილიდან თავს უფლებას ვაძლევ მთელი დღე ოჯახს დაუთმო. ძალიან მიყვარს ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის სამზარეულოში ტრიალი და მათთვის საყვარელი კერძების მომზადება. ყველაზე მეტად ჩემი სახლში ყოფნა ჩემს ერეკლეს უხარია, რომელიც ძალიან
მგრძნობიარე, ნაზი სულის პატარა კაცია დიდი გულით და სიყვარულით სავსე. მე მას ძალიან ვჭირდები…
საღამოს მე და ჩემი მეუღლე, შვილებთან ერთად, არაჩვეულებრივ საღამოს დავესწარით _ ფოლკლორულ ფესტივალს, რომელიც გაიმართა “ბლექსი არენაზე’’. განუმეორებელია ქართული ფოლკლორი თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალხმიანობით. ერს, რომელსაც ასეთი მატერიალური საგანძური აქვს, გადაშენება არ უწერია…
4 სექტემბერი, კვირა.
ოცდახუთი წლის წინ, უფალმა დიდი საჩუქარი მომივლინა… ჩემი სულის ნაწილის, ჩემი იმედისა და ცხოვრების აზრის _ მარიკუნას დაბადების დღეა..
გილოცავ, დე… შენ ჩემთვის მზის სხივი, სიცოცხლის წყარო და მანათობელი ვარსკვლავი ხარ…
მიყვარხარ… მეამაყები, ჩემო დიდო იმედო…
ჩემთვის კვირა განვლილ დღეების ანალიზის, შეხვედრების პოლიტიკური პროცესების შეფასების დღეა.
საოჯახო საქმეებით, ოჯახის წევრებთან ურთიერთობით ვინებივრებ თავს, ვგეგმავ ახალი კვირის განრიგს, მინდა ჩემი დეპუტატობის უფლებამოსილების დამთავრებამდე ჩემი ძალა და ენერგია მოვახმარო ჩემს ხალხს.
ასეთი იყო ერთი კვირა ჩემს ცხოვრებაში.
მომდევნო კვირის ბლოგპოსტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ქალბატონ ინგა დუმბაძეს ვაბარებ.
როზეტა სკამკოჩაიშვილი,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგი