ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება აქტიურ ფაზაში გრძელდება.
დღეს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ ზაურ თენიეშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
თენიეშვილის ქუჩის მცხოვრებლებს გზის პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდათ. რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე ქალაქის მერი ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
ჯუმბერ კამკამიძე, თენიშვილის ქუჩის მცხოვრები:
,, შეიძლება ითქვას, საშვილიშვილო საქმე კეთდება. უკვე რამდენი წელია, ამ ქუჩაზე ძალიან მძიმე სიტუაციაა. წყალი დგებოდა, მანქანებს გადაადგილება უჭირდათ. ქალაქის მერი დაგვპირდა ამ პრობლემის მოგვარებას და სიტყვა შეასრულა".
,, თენიეშვილის ქუჩის გარდა, ასფალტის დაგების სამუშაოები ქალაქის სხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს. აღნიშნულ რეაბილიტაციას რეგიონური განვითარების ფონდის დაფინანსებით ვახორციელებთ. აღნიშნული ფონდის ფარგლებში, წელს ქალაქ ოზურგეთში 16 ქუჩა დაიგება. მომავალ წელს კი ჩვენს ქალაქში ასფალტის გარეშე არცერთი ქუჩა არ დარჩება“, _ განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
თენიეშვილის ქუჩის რეაბილიტაციას შპს ‘’გზამშენი-18“ აწარმოებს. უახლოეს პერიოდში კი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები რუსთაველის, წუწუნავას, ჭიტაიშვილის, პუშკინის, ჯორჯიაშვილისა და ღლონტის ქუჩებზე დაიწყება. (R)