ეს ვიზიტი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის რიგით მეოთხე ვიზიტს საქართველოში.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა და მას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.
"ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების დასტური. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის," – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხვა წევრებთან.