„ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით ნინო წილოსანით ჩაანაცვლა, რასაც ლანჩხუთში მოქმედი პარტიების საარჩევნო შტაბების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავკაცის, ვახტანგ ზენაიშვილის შეფასებით, რომელიც თავის დროზე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და გამგებლის პირველი მოადგილეც იყო, თვლის, რომ „ოცნების“ ახალ კანდიდატს ლანჩხუთში სრული ფიასკო ელის.
„სულხან საბას „უკან მიდევნებული ლამპარი“ ხომ გახსოვთ? ასეა სწორედ . ამ ნაბიჯმა ნათლად აჩვენა, რომ არა მხოლოდ ჭკუასელია ურეიტინგო კანდიდატი, არამედ თავად "ოცნებაც". დარწმუნებული ვარ, ახალი კანდიდტიც ვერ მიიღებს მხარდაჭერას და ეს არ იქნება მისი ბრალი, ეს ოცნების ოთხწლიანი უთავბოლობისგან მოდის. დარწმუნებული ვარ, ლანჩხუთში სრული ფიასკო ელოდება“, _ ამბობს ზენაიშვილი.
„რესპუბლიკელი“ რომან ბიწაძის მოსაზრებით, „ოცნებამ“ შუა გზაში წაიფორხილა და ეს ჩანაცვლება დიდი შედეგის მომტანი მაინც არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
„ვფიქრობ, ჭკუასელის კანდიდატურა საკმაოდ წონიანი იყო, მაგრამ, რაც დამოუკიდებელ კანდიდატად დავით ჟღენტი დასახელდა, რომელიც ფარულადაც კი არ იგივდება სამთავრობო ძალებთან, ჭკუასელს აღარ ჰქონდა შანსი. მას უკვე მეორე ტურზეც კი აღარ შეძლო ეოცნება. ვფიქრობ, წინ მეორე ტური გველოდება აკაკი ჩხაიძესა და დავით ჟღენტს შორის, სადაც დიდი ალბათობით, ჩხაიძე დარჩება გამარჯვებული“, _ თვლის ბიწაძე.
თემურ ჭკუასელის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო შტაბშიც.
„ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ თემურ ჭკუასელის კანდიდატურას ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავდა და მმართველმა პარტიამ თავის დროზე აშკარად გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
რა თქმა უნდა, ყველა პარტიას აქვს შიდა სამზარეულო და ბუნებრივია, ჩვენი საქმე არაა, იქ რა ხდება, თუმცა, ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იგრძნო გარდაუვალი მარცხის საშიშროება და მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოახდინა ცვლილება.
და მაინც, უნდა ითქვას, რომ სარისკოა ეს გადაწყვეტილება, რამეთუ არჩევნებამდე დარჩენილი ცაიტნოტური სიტუაციის გამო, შეიძლება ამან დიდი ეფექტი არც იქონიოს“, _ ამბობენ ბურჭულაძის პარტიის წევრები.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო კვიტაიშვილიც.
„ქართულმა ოცნებამ“ თემურ ჭკუასელის კანდიდატურა ჩაანაცვლა ქალბატონით. ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ ხელისუფლება გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა. უზარმაზარი ბანერი გამოუფინა თემურ ჭკუასელს „ოცნებამ“, ატარა შეხვედრებზე, დახარჯა რესურსი და ახლა დასცინა ამომრჩეველს, მოსახლეობას _ შეცვალა ნაამაგარი კანდიდატი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარს, ფაქტია, რომ „ოცნებამ“ თვალნათლივ დაგვანახა, რომ მისთვის სულერთია ვინ იქნება მაჟორიტარი და მან უკვე განიცადა კრახი. ერთადერთი ქალი ვიყავი კანდიდატთა შორის და ახლა ქალის, თან სახელად ნინო ჩემთვის დაპირისპირება სურათს ვერ შეცვლის, ამომრჩევლისთვის იაფფასიანი ფანდია _ „მეთოდები მოგიძველდა „მურტალო, ახლა მაგას არავინ ჭამს“ (დავესესხე ჩვენს ძვირფას ნოდარ დუმბაძეს)!
ჩვენ, დღეს ერთხელ უკვე გავიმარჯვეთ, საბოლოო გამარჯვებას 8 ოქტომბერს მოვიპოვებთ!“, _ ამბობს ნინო კვიტაიშვილი.