საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სხდომის ჩატარება ნათელ გზავნილს წარმოადგენს საქართველოსთვის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს. მან აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო მზადაა, საქართველოს ვარშავაში მიღწეული შედეგების რეალიზაციაში დაეხმაროს.
"დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოამზადებს და ეფექტურად იქნება გამოყენებული თავდაცვის უნარის გაღრმავების თვალსაზრისით. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო მზად არის, გაგვიწიოს დახმარება ვარშავაში მიღწეული შედეგების რეალიზებაში“, _ აცხადებს პრეზიდენტი.
მარგველაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის შესაძლებლობები იქნება სწორედ წარმოდგენილი და შეფასებული ბრიუსელის სამიტზე.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები იქნება სწორედ წარმოდგენილი და შეფასებული ბრიუსელის სამიტზე“, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს.
"საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მისიებში ჩვენს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად, მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოსა და გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს იცავს საერთაშორისო მისიებში“, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას. "თანამედროვე დინამიურად ცვალებად მსოფლიოში უსაფრთხოება მხოლოდ თანამშრომლობითა და ერთიანობით მიიღწევა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას. ალიანსს ჰქონდა გამოცდილება კონფროტაციული პრაგმატიზმის დაძლევის, გაფართოების და ამ შემდგომმა გაფართოებამ ხელი შეუწყო ალიანსის წევრ ქვეყნების, ასევე, გლობალურ უსაფრთხოებას“, _ აცხადებს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ "საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას“