"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ გაკეთებული განცხადება აუდიტის სამსახურში არ შესულა" _ აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია.
მისი თქმით, ამის მიუხედავად მისმა უწყებამ საჯარო განცხადებაზე რეაგირება უკვე დაიწყო.
,,გუშინ გავრცელდა აღნიშნული განცხადება და ჩვენ აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ჩვენი არგუმენტები, თუ რა საკითხს ეხება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული მინიშნებები.
ჩვენ ამ კონკრეტულ პროცესს განვიხილავთ, როგორც წინასაარჩევნო აგიტაციას, რომელზეც მანდატი და შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, რომელიც ადგენს წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმების უზრუნველყოფას.
აუდიტის სამსახური ფარავს მხოლოდ და მხოლოდ შემოწირულებების ნაწილს. თუ წაიკითხავთ „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამის დეფინიციას, ძალიან ნათლად დაინახავთ, თუ ვის რა ფუნქცია აკისრია. აუდიტის სამსახურს ამ შემთხვევაში პირიქით, აკრძალული აქვს, თავისი კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე რაიმე ზემოქმედება განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაციაზე, თუ წინასაარჩევნო აგიტაცია არღვევს იმ ნორმებს, რომელიც განსაზღვრულია „საარჩევნო კოდექსით“. ამავე კოდექსით განსაზღვრულია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ის ბერკეტები, რომლითაც მან რეაგირება უნდა მოახდინოს”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია GDS-ზე ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრების გადაცემათა ციკლის შესწავლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ითხოვს.
წყარო: პირველი რადიო