“თავისუფალი დემოკრატების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამთა ხუციშვილმა “ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთი ვასაძე დებატებში გამოიწვია.
“ძალიან ბევრი პრობლემებს აწყდება ოზურგეთში ახალგაზრდები. ყველაზე მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ არ ხდება მათი დასაქმება. ახალგაზრდები ამის შემდეგ იძულებული არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ან კიდევ თურქეთში წავიდნენ სამუშაოს საძიებლად. ვიწვევ დებატებში “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აწუხებს ახალგაზრდებს გაგვცეს კონკრეტული პასუხი“, _ თქვა მედიასთან შეხვედრის დროს თამთა ხუციშვილმა.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე, არსებობს თუ არა სტატისტიკა თუ რამდენმა ახალგაზრდამ დატოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და სამუშაოდ სხვა ქალაქში წავიდა, ამასთან დაკავშირებით თამთა ხუციშვილმა შემდეგი პასუხი გაგვცა.
“სტატისტიკური მონაცემების შესახებ არ ვიცი. ყველამ ყველაფერი იცის, თუ რა ხდება ახალგაზრდების დასაქმებაზე და მიგრაციაზე ჩვენს მუნიციპალიტეტში", _ თქვა თამთა ხუციშვილმა.
დაუჯდება თუ არა “ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქეთი ვასაძე დებატებში თამთა ხუციშვილს, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ქეთი ვასაძე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.