"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები უზუსტობებს შეიცავს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღემდე დირექტორის პოზიციას იკავებს შპს "კრეს GMBH ავტო ჰაუსში", რომელიც 2006 წლის 28 მარტსაა რეგისტრირებული, კომპანიის მთავარ საქმიანობად ავტონაწილებითა და ავტომობილებით ვაჭრობაა მითითებული.
"გარდა იმისა, რომ მინისტრი კომპანიაში ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის პოსტს, შპს "კრეს GMBH ავტო ჰაუსი" ასევე არ არის შეტანილი ტარიელ ხეჩიკაშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში", _ ნათქამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, "უზუსტობებია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიას, ასევე პარლამენტის წევრების, პაატა კიკნაველიძისა და თამაზ ყაჭეიშვილის დეკლარაციებში.
კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, პაატა კიკნაველიძის ქონებრივ დეკლარაციაში მონაცემებს მისსა და მისი ძმის საკუთრებაში მყოფი ქონების შესახებ ვხვდებით. პარლამენტის წევრს რეესტრის მიხედვით პირადი ქონება სრულად აქვს დაფიქსირებული (რკ რკონის ხის მეურნეობა – მეპაიე; შპს მადლი – პარტნიორი), მაგრამ უზუსტობაა მისი ძმის, ანდრო კიკნაველიძის ქონების დეკლარირებაში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარლამენტარის ძმა 40%-იან წილს ფლობს შპს "ლაგში", პარალელურად კი დირექტორის თანამდებობას იკავებს ამავე შპს-ში.
"პარლამენტარ თამაზ ყაჭეიშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ დეპუტატი შპს "სამეგობროს" და შპს "ნუგოს" მეწილეა, მისი შვილი ირინა ყაჭეიშვილი კი შპს "ხარისხსა" და შპს "ყაზბეგი-ნატალიშია" პარტნიორი. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, თამაზ ყაჭეიშვილი 25% წილს ფლობს შპს "ხარისხში" და 19% წილს შპს "ყაზბეგი-ნატალიში", რაც ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის. ასევე არაფერია ნათქვამი ირინა ყაჭეიშვილის კავშირზე შპს "ამარტა მედია ჯგუფთან", რომელშიც ის 100%-იან წილს ფლობს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბურჭულაძის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ მისი მეუღლე მაია შიშნიაშვილი 16 % წილს ფლობს შპს "ფარმაკონში".
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მეუღლე, ავთანდილ ცქვიტინიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ცქვიტინიძის სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, აღრიცხულ საწარმოთაგან, ხათუნა თოთლაძის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ შპს ავთანდილ ცქვიტინიძე ფიქსირდება. თუმცა დეკლარირებული არ არის შპს ავთანდილი და შპს ჯ-მანია, რომელთა 100% წილის მფლობელიც აგრეთვე ავთანდილ ცქვიტინიძეა.
ქეთევან ბაკარაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლე აკაკი ჩარგეიშვილი შპს "აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის" პარტნიორი და შპს "ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის" დირექტორია. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით კი ბაკარაძის მეუღლე დირექტორის სტატუსის გარდა შპს "ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის" 100%-იანი წილის მფლობელიცაა. მისსავე საკუთრებაშია შპს "ოლლ პეი" (100%-იანი წილი, დირექტორი), შპს "ჩარგეიშვილი და კომპანია" (50%-იანი წილი, დირექტორი), შპს "ვაითმედ" (15%-იანი წილი, დირექტორი), და შპს "ჯი ბი ეს" (მეწილე), თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ქეთევან ბაკარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში კახაბერ რუსიას მიერ მითითებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილის მეუღლე ლელა არზიანი შპს "ნიას" დირექტორია, შვილი რომანი რუსია კი შპს "ეას" დირექტორის პოსტს იკავებს. თუმცა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს სრულად არც თავისი და არც ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფი ქონება არ აქვს დეკლარირებული. რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ლელა არზიანი შპს ნია-ს არა მხოლოდ დირექტორი, არამედ 100 % წილის მესაკუთრეცაა. ის აგრეთვე ფლობს შპს "ავტოსადგურის" 4%-იან წილს და პარალელურად იკავებს დირექტორის თანამდებობას შპს "რუმოში". აღსანიშნავია, რომ შპს "რუმოს" 50%-იან წილს თავად კახაბერ რუსია ფლობს, თუმცა ამის შესახებ მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. კახაბერ რუსიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ ის და მისი შვილი რომან რუსია 37 % და 7 % წილებს ფლობენ შპს "მუნოზოჯშიც". შპს "რუსი" კი კახაბერ რუსიას 100%-იან მფლობელობაშია", _ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს თანამდებობის პირებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას მონაცემების სიზუსტეს.
"აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებული იქნება თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი განახორციელოს", _ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.