ინოვაციების გლობალურ ინდექსში, ინოვაციების განვითარების მიმართულებით, საქართველოს მაჩვენებლები გაუმჯობესდა. ამ მხრივ ქვეყნის მთავარი მიღწევებია ინსტიტუციური მოწყობა და მარეგულირებელი პოლიტიკა. თუმცა, მთავარ სისუსტეებად რჩება ხელისუფლების და კერძო სექტორის მიერ განათლებისა და კვლევითი მიმართულებების მხარდაჭერის ნაკლებობა და ბიზნესის მიერ ინოვაციების შეზღუდული გამოყენება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განვიტარების ტავისუფლების ინსტიტუტი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანამ ინოვაციების გლობალურ ინდექსში 33.9 ქულა აიღო (100 ქულიდან), რითაც უმნიშვნელოდ გაზარდა წინა წლის მაჩვენებელი (33.8 ქულა). 2015 წელთან შედარებით საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და დღეს 128 ქვეყნიდან 64-ე ადგილზეა (იხ. სურათი 1).
ამ პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, ქვეყანას ყველაზე დაბალი შედეგები აქვს ადამიანური კაპიტალის, ბიზნესის განვითარებისა და შემოქმედებითი წარმოების კომპონენტებში. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოზე კარგი შედეგები ბალტიის ქვეყნებთან ერთად აქვთ რუსეთს, მოლდოვას, უკრაინასა და სომხეთს.
ინდექსის შესახებ
ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, აჩვენოს ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციები. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. იგი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების განსავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად. 2016 წლის ანგარიში კორნელის უნივერსიტეტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (გაეროს სააგენტო) თანამშრომლობითა და თანა-ავტორობით გამოქვეყნდა.
თითოეული ქვეყანა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება:
1. ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა;
2. ადამიანური კაპიტალი და კვლევა;
3. ინფრასტრუქტურა (სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიური მდგრადობა);
4. ბაზრის განვითარება (market sophistication) (ბაზრის პირობები და სავაჭრო ოპერაციების ოდენობა);
5. ბიზნესის განვითარება (business sophistication) (რამდენად უწყობენ კომპანიები ხელს ინოვაციებს);
6. ცოდნა და ტექნოლოგიის წარმოება (knowledge and technology outputs) (ცოდნისა და ტექნოლოგიის როლი გამოგონებებისა და ინოვაციების შექმნაში);
7. შემოქმედებითი წარმოება (creative outputs) (აფასებს შემოქმედებითობის როლს ინოვაციებში).
ყველა ამ ძირითად ინდიკატორს დამატებით თავისი კრიტერიუმები აქვს.
საქართველოს შედეგები
საქართველოს ყველაზე კარგი შედეგები ინსტიტუციურ მოწყობაში აქვს (69.2 ქულა), რაც აფასებს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, მმართველობის ეფექტურობას, ბიზნეს გარემოსა და რეგულაციებს (იხ. სურათი 2). ყველაზე ცუდი მაჩვენებელები კი ადამიანურ კაპიტალსა და განათლებაზე მოდის. ამ კატეგორიაში ქვეყანამ მხოლოდ 23.2 ქულა (100-დან) აიღო და რეიტინგში 91-ე პოზიცია დაიკავა. მსგავსი ვითარებაა კერძო სექტორის მხრიდან ინოვაციების წახალისების კომპონენტშიც: საქართველო 26.5 ქულით 90-ე ადგილს დასჯერდა.
წინა, 2015 წლის შედეგებთან შედარება ცხადყოფს, რომ ვითარება გაუარესებულია უმეტესწილად იმ კომპონენტებში, სადაც საქართველოს ისედაც დაბალი მაჩვენებლები აქვს. ამის მაგალითია ბიზნეს განვითარებისა და ადამიანური კაპიტალის/კვლევის კომპონენტებში შემცირებული ქულები. გამონაკლისია შემოქმედებითი წარმოების ინდიკატორი, სადაც ქვეყანამ ქულა 1.6-ით და პოზიცია 23-ით გააუმჯობესა. თუმცა, ზრდის მიუხედევად ამ კომპონენტში ქვეყანას მაინც მოკრძალებული შედეგი აქვს, რაც ძირითადად განპირობებულია ონლაინ პროდუქციის შექმნისა და კერძო სექტორის მიერ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლებობით.
საქართველოს საშუალო მაჩვენებლები აქვს ბაზრის განვითარებისა (44.3 ქულა) და ინფრასტრუქტურის (41.7 ქულა) კრიტერიუმებში.
ინოვაციების ინდექსი ორ ქვეინდექსს მოიცავს: ინოვაციების დანახარჯები (innovation input) და ინოვაციური პროდუქცია, რითაც დგინდება ინოვაციური ეფექტურობის კოეფიციენტი. ინოვაციების დანახარჯების ქვეინდექსი პირველი ხუთი ინდიკატორის (ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი/კვლევა, ინფრასტრუქტურა, ბაზრისა და ბიზნესის განვითარება) საშუალო ქულაა. ინოვაციური პროდუქცია კი ბოლო ორი ინდიკატორის (შემოქმედებითი პროდუქცია და ცოდნა და ტექნოლოგიის წარმოება) საშუალო მაჩვენებელია.
ინოვაციების ეფექტურობის კოეფიციენტი ინოვაციური პროდუქციის ინოვაციების დანახარჯებთან თანაფარდობით გამოითვლება. მისი მაჩვენებელი 0-დან 1-მდე მერყეობს, სადაც 1 არის საუკეთესო ქულა.
ინოვაციური პროდუქციის კრიტერიუმით საქართველო 26.7 ქულით მე-60 ადგილს იკავებს; ინოვაციებზე მოსული დანახარჯებით კი 41 ქულით 67-ე ადგილზეა. შედეგად, ქვეყნის ინოვაციური ეფექტურობის კოეფიციენტმა 0.7 შეადგინა, რითიც 128 ქვეყანას შორის 67-ე ადგილს იკავებს. წინა წელს ეს კოეფიციენტი 0.6-ს უდრიდა.
კვლევაში თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში გამოყოფილია ძლიერი და სუსტი მხარეები. საქართველოს შემთხვევაში ძლიერ მხარეებად დასახელებულია:
• ბიზნესის დაწყების სიმარტივე (97.8 ქულით მე-6 ადგილი);
• ტარიფების განაკვეთი (95.7 ქულით მე-5 ადგილი);
• კრედიტის აღების სიმარტივე (85 ქულით მე-7 ადგილი);
• ბეჭდვითი და საგამომცემლო პროდუქცია (83.2 ქულით მე-4 ადგილი);
• მცირე აქციონერთა ინტერესების დაცვა (68.3 ქულით მე-20 ადგილი);
• პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა მშპ-სთან (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიმართებაში (66.8 ქულით მე-10 ადგილი).
კვლევაში საქართველო ასევე შედარებულია მსგავსი შემოსავლის (დაბალი საშუალო ჯგუფი) მქონე ქვეყნებთან. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთ-ერთია, რომლის შედეგები აღემატება ამავე ჯგუფის ქვეყნების მაჩვენებლებს.
ქვეყნის სუსტი მხარეები ძირითადად ეხება ბაზრისა და ბიზნესის განვითარებას, ასევე, კვლევასა და ადამიანურ კაპიტალს. კერძოდ, საქართველომ დაბალი შედეგები აჩვენა შემდეგ კრიტერიუმებში:
• ადგილობრივი ბაზრის კონკურენციის ხარისხი (50.6 ქულით 120-ე ადგილი);
• უნივერსიტეტებისა და კომპანიების/კერძო ბიზნესის თანამშრომლობის ხარისხი (22.3 ქულით 121-ე ადგილი);
• განათლებაზე გაწეული ხარჯები (10.4 ქულით მე-115 ადგილი);
• კვლევასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯები (1.3 ქულით 103-ე ადგილი);
• კერძო კომპანიების მიერ საკუთარი თანამშრომლების გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგების შეთავაზება (9.4 ქულით 91-ე ადგილი);
• ქვეყნის პირველი სამი უნივერსიტეტის ადგილი მსოფლიო რეიტინგში (0 ქულა და ბოლო ადგილი მსოფლიოს სხვა 56 ქვეყანასთან ერთად).
საქართველოსა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის შედეგების შედარება
ინდექსის მიხედვით, პოსტსაბჭოთა 15 ქვეყანას შორის საქართველოს მერვე ადგილი უკავია. ბალტიის სამ ქვეყანასთან ერთად, უკეთესი შედეგები აქვთ რუსეთს, მოლდოვას, უკრაინასა და სომხეთს (იხ. სურათი 4).
თუმცა, ინოვაციური ეფექტურობის კოეფიციენტის თვალსაზრისით, ამ ქვეყნებიდან საქართველოს ლიტვასა და რუსეთზე უკეთესი შედეგი აქვს. ამ კომპონენტში საუკეთესო შედეგები აჩვენეს მოლდოვამ და ესტონეთმა, რაც მიანიშნებს ამ ქვეყნებში ინოვაციებისთვის გამოყოფილი თანხების მიზანმიმართულ და ეფექტურ ხარჯვაზე.
ინსტიტუციური ჩარჩოს (რაც მოიცავს მმართველობის ეფექტურობასა და რეგულაციებს) და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, საქართველო მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. ბაზრის განვითარების ხარისხით კი, მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას სჯობნის.
დანარჩენ კომპონენტებში (ცოდნა და ტექნოლოგიის წარმოება, შემოქმედებითი წარმოება, ადამიანური კაპიტალი/კვლევა და ბიზნესის განვითარება) საქართველო რეიტინგში მასზე წინ მდგომი შვიდივე პოსტსაბჭოთა ქვეყნის მაჩვენებლებს ჩამორჩება. გამონაკლისია მხოლოდ ადამიანური კაპიტალისა და კვლევის კატეგორია, რომელშიც სომხეთს საქართველოზე დაბალი შედეგი აქვს.
შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ესაჭიროება კვლევებისა და ინოვაციების წახალისება, განათლებაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, კერძო სექტორის გააქტიურება ინოვაციების გამოყენებაში, დანერგვასა და შექმნაში, და ინოვაციური პროდუქტების შექმნის/წარმოების წახალისება.
დასკვნა
ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი გაუმჯობესდა. თუმცა, ქულა უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების განვითარების მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა. ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია ინოვაციების განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად.
შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს შედეგებმა სწორედ იმ მიმართულებებით იკლო, რაც წინა წლებშიც ქვეყნის სისუსტეს წარმოადგენდა. კერძოდ, 100 ქულიდან 20-30 ქულებს შორის მერყეობს საქართველოს მაჩვენებლები ადამიანური კაპიტალისა და განათლების, ბიზნესის განვითარების მდგომარების, ცოდნისა და ტექნოლოგიური წარმოების კრიტერიუმებში.
მართალია ქვეყანას კარგი მაჩვენებლები ჰქონდა ინსტიტუციური მოწყობისა და მარეგულირებელი პოლიტიკის თვალსაზრისით, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კერძო სექტორის განვითარების დონე და სამეცნიერო ბაზისი მაინც ჩამორჩება განვითარების გლობალურ ტენდენციებს.
პროგრესის მისაღწევად საჭიროა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას განათლებისა და კვლევის განსავითარებლად. ასევე, სასურველია, კერძო ბიზნესის მეტი აქტიურობა ამ პროცესში, რაც ბიზნეს კონკურენციის ხელშეწყობითა და ინოვაციების დასანერგად წამახალისებელი ღონისძიებების გატარებითაა შესაძლებელი.