გაზის ტრანსპორტირების სისტემაში დამატებითი ოდენობის ოდორანტის შეშვების ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია, _განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს.
მინისტრის ინფორმაციით, მოკვლევას „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მონიტორინგის სამსახური ახორციელებს და პირები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები, აუცილებლად აგებენ პასუხს.
„გუშინ სისტემაში ოდორანტის შეშვება ზედმეტი დოზით მოხდა, რასაც მოჰყვა ასეთი სუნი. ამას არ მოჰყოლია არანაირი გაჟონვა. ფაქტზე უკვე დაწყებულია მოკვლევა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ და პირები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები, აუცილებლად აგებენ პასუხს. „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს და ის არის პასუხისმგებელი ბუნებრივი გაზის ოდორიზაციაზე. მათ მიერ მოხდა დამატებითი ოდენობების შეშვება ტრანსპორტირების სისტემაში, რაზედაც მათი მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლევა დაწყებულია“, _ განმარტა ირაკლი ხმალაძემ.