საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ამ გზაზე საქართველოში გახორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანებებსა და კერძო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ეკისრებათ.
”მხარეებმა ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ბელგიელი ბიზნესმენების ვიზიტი საქართველოში, რომელიც, ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, 2016 წლის ნოემბერში იგეგმება. ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველომ, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა”, _ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას, ნატო-ს არსებითი პაკეტის გახორციელების პროცესში ბელგიის სამეფოს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია.