"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ოფისში დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ პრესკონფერენცია გამართა.
მჟავანაძემ "ქართული ოცნების" მხრიდან მოსახლეობის ზეწოლაზე ისაუბრა.
"ჩვენ უკვე გვაქვს ზეწოლების ფაქტები, დღეს ეს უკვე ნათლად ჩანს ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ქმედებებიდან. განსაკუთრებით აქტიურობენ სოფლის გამგებლები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ეუბნებიან, რომ თუ "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემენ ხმას, შეუწყვეტენ სოციალურ დახმარებას. ასევე, აქტიურობს რამდენიმე სოფლის ექიმი, რომლებიც მოსახლეობას ეუბნება, რომ თუ მხარს "ქართულ ოცნებას" არ დაუჭერენ, არ მოემსახურებიან
გარდა ამისა, ყველაზე მთავარი, დაბა ნარუჯაში 10 ოჯახს "ქართულმა ოცნებამ" ფინანსური დახმარება გაუწია. ასევე, 49-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს ამომრჩეველზე და ეუბნება, რომ ხმა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მისცენ", _ თქვა მჟავანაძემ
"გურია ნიუსთან" აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი: "აღნიშნულ ინფორმაციას მეც ვფლობ, გადავამოწმე და სიმართლეს არ შეესაბამება, _ ამბობს თენიეშვილი.
"გურია ნიუსი" რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებს დავით მჟავანაძის ბრალდებებზე.