საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს: "დღეს სოციალური ქსელებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს ვებვერდზე გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი აჭარბებს 100%-ს, ტოვებს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის შთაბეჭდილებას.
აღსანიშნავია, რომ პროცენტული მაჩვენებლების მეასედის სიზუსტით გამოქვეყნება ემსახურება მხოლოდ შედეგების მარტივ აღქმას. შესაბამისად, მათი მექანიკური შეკრება არასწორი და არაკორექტულია.
ცესკოს შესაძლებლობა აქვს, პროცენტული მაჩვენებლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მემილიონედის და მეტი სიზუსტით, რაც მექანიკური დაჯამებით სპეკულირებას გამორიცხავს.
მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში და საბოლოო შედეგებიც სწორედ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება", _ ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.