საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა დღეს იმსჯელებს.
პლენუმის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.
სხდომაზე პლენუმი თავმჯდომარის არჩევის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიშზეც იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა 14 ოქტომბერს იწურება.
ახალი წესის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს, ხოლო პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრის მხარდაჭერაა საჭირო რომ თავმჯდომარედ დაინიშნოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოსამართლე ზაზა თავაძე მოიაზრება; ასევე არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინე იმერლიშვილმაც.
ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის, მისი ორი მოადგილისა და მდივნის თანამდებობებია თავისუფალი.