„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ, – ამის შესახებ ამავე საქმეზე დაკავებულის, ბორის ჩაგუნავას მეუღლე ნატა ჩაგუნავამ „იმედთან" საუბრობს განუცხადა.
როგორც ნატა ჩაგუნავამ აღნიშნა, დავით ხეჩუაშვილი ჩაგუნავების სიძეა.
მისივე თქმით, დავით ხეჩუაშვილს მისი კუთვნილი ავტომობილი ჩაგუნავებზე ჰქონდა გადაფორმებული.
რაც შეეხება საქმეში დაკავებულის მონაწილეობას, ნატა ჩაგუნავას თქმით, მისი მეუღლე რეალურად იმის გამო დააკავეს, რომ „ავტომობილში თითქოს ჩხრეკის შედეგად იარაღები აღმოჩნდა“.
„რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რამეა. რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ვერ გეტყვით, ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა“, – განუცხადა ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია „იმედს“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.
უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია. ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს", _ განაცხადეს შსს-ში.