საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან 385 წევრი გამოიწვია.
ამის შესახებ რუსთავი2-თან საუბრისას, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ კეკენაძემ, განაცხადა.
30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50 ოლქში იმართება, აქედან 21-ში თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები კომისიის წევრებს შორის აღარ იქნებიან. დღეს პარტიის ცენტრალური ოფისიდან საოლქო-საარჩევნო კომისიებში წერილი გაიგზავნა წევრების გამოწვევის შესახებ.
"გვაქვს ეჭვი, რომ კომისიის წევრებმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს არასათანადოდ იმუშავეს და გარიგებულები იყვნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებთან, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათი გამოწვევის შესახებ. ეს არის არჩევნების მეორე ტურის წინ პრევენციული ნაბიჯი," – აცხადებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ კეკენაძე.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს თამარ კეკენაძემ რუსთავი2-ის გადაცემა პოსტ სკრიპტუმთან საუბრის დროს განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები საუბნო-საარჩევნო კომისიებში ბიულეტენებს ქართული ოცნების სასარგებლოდ განზრახ აფუჭებდნენ, რათა შემდეგ მათი გაბათილება მომხდარიიყო.
"ჩვენ მიერ დანიშნული კომისიის წევრების მიერ ხდებოდა ბიულეტენების გაბათილება. ხანდახან მათ ავიწყდებოდათ ბეჭდის დარტყმა. ეს ეხებოდა ჩვენს ბიულეტენებს, ასევე სხვა წარმომადგენლების ბიულეტენებს. მე მაქვს ეჭვი, რომ ისინი იყვნენ გარიგებულები. ეს იყო რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ," – აცხადებდა კეკენაძე.
პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ამავე რეპორტაჟში განმარტავდა, რომ ჰქონდა ეჭვი მათი პარტიის წარმომადგენლების მოსყიდვის შესახებ.
"მე ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა. ხდებოდა ზეწოლა ჩვენს წევრებზე, სთავაზობდნენ ფულს, სხვადასხვა კეთილდღეობებს, როგორიც არის დასაქმება, შვილის სწავლის საფასურის დაფარვა და ა.შ." – აცხადებდა თამარ კეკენაძე.