საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე საზღვარგარეთ ვიზიტისას საავადმყოფოში მოხვდა, არ ადასტურებენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ 26 ოქტომბერს ზაზა თავაძის ვიზიტი ვერ დასრულდება და ის რამდენიმე დღით გადაიდო.
ცნობისთვის, მოქალაქე ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაზა თავაძე ალკოჰოლური სასმელის გადაჭარბებული დოზით მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა.
"აბა, ვინ ხართ რუმინეთში?! სასწარაფოდ შველა გვჭირდება!" _ წერს საფრანგეთში მცხოვრები სულა სულაშვილი და სოციალური ქსელით დახმარებას ითხოვს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ზაზა თავაძე უცხოეთში პირველივე ოფიციალური ვიზიტისას გადაჭარბებული ალკოჰოლური სასმელის გამო ისეთ "თიშშია" ჰოსპიტალში გადაიყვანეს და გონზე ვერ მოჰყავთ. გვიშველეთ ვინცხამ რაცხა, თორე მოგვეჭრა თავი მთელ დუნიაზე ბლიად!", _ წერს სულაშვილი.
"გურია ნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში გადაამოწმა, სადაც აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ვადასტურებთ, რომ ზაზა თავაძე ნამდვილად იმყოფება საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, სიმართლე, რა თქმა უნდა, არ არის", _აცხადებენ პრესსამსახურში.
კითხვაზე – როდის ბრუნდება თავაძე საქართველოში, პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ვიზიტი 26 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გადაიდო.
"ხვალ უნდა წამოსულიყო, 23-26 ოქტომბერს იყო, მაგრამ რამდენიმე დღით გაგრძელდა. მიზეზი არ ვიცით", _ უთხრეს "გურია ნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში.
სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით კი, 23-26 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ზაზა თავაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ვილნიუსს ეწვია, სადაც მონაწილეობს შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის ფარგლებში ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში. ვილნიუსის ფორუმის მთავარი თემაა კანონის უზენაესობის პრინციპის იმპლემენტაცია და დაცვა ასოციაციის წევრ ქვეყნებში. მას ესწრებიან ლიტვის, მოლდოვის, უკრაინის, რუმინეთის, პოლონეთისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების დელეგაციები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან და წევრი ქვეყნების საკონსტიტუცო სასამართლოების თავმჯდომარეებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ისაუბრა რეგიონული ასოციაციის მნიშვნელობაზე. ზაზა თავაძემ გამოხატა მზადყოფნა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას პარტნიორ სასამართლოებთან როგორც ასოციაციის, ასევე სხვა ფორმატში.
ლიტვის ფორუმში მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ლალი ფაფიაშვილი, რომელმაც მოხსენება გააკეთა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებაზე. აღნიშნულ ფორუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.