საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე კვირაში ორი საჯარო სხდომა გამართა, სადაც მოქალაქეებს მთლიანობაში 104 562 ლარზე მეტი ჩამოაწერა.
როგორც ”გურია ნიუსს” სემეკიდან აცნობეს, საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებზე შესწავლილი საკითხები წარადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა.
სხდომებზე განხილული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს.
„იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას, მათ შეუძლიათ მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, _ აცხადებენ სემეკში.