"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს, 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული.
ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ, ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე, გამოძიება 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.
„საგამოძიებო ორგანოს მივაწვდით ინფორმაციას იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაზეც მათ შეიძლება ჰქონდეთ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის შემდგარი კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, გახორციელდა მის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და მოპოვებულ იქნა უკანონოდ მათი საუბრის ამსახველი ჩანაწერი და ამის საფუძველზე იქნა გამოძიება დაწყებული, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმედი, რომ ამ საქმეზე გამოძიებას მოჰყვება რეალური შედეგები, გამომდინარე იქედან, რომ წარსულში არაერთხელ განხორციელდა ნიკა გვარამიას მიმართ უკანონო ქმედებები", _ განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.