დაწყებულია საშემოდგომო სამუშაოები, რომლის (ისევე, როგორც საგაზაფხულოსი) სწორი ორგანიზაცია მიგვიყვანს წარმატებულ შედეგთან. საშემოდგომი ნათესების და ნარგავებისთვის ნიადაგის მომზადება მუდამ ნაკელს უკავშირდება. ორგანული სასუქებიდან ის ყველაზე მნიშვნელოვანია და კარგმა მეურნემ ყველა ზომა უნდა იხმაროს, რომ მოაგროვოს, რაც შეიძლება, მეტი ნაკელი.
თუ პირუტყვი არ გყავთ, სოფლებში ეს პრობლემა საკმაოდ მარტივად მოსაგვარებელია _ დილით ადრე თუ გვიან საღამოს, სოფლის გზებსა თუ ორღობეებში, სადაც ნახირი დადის, ადვილი შესაგროვებელია ნაკელი. ეს არის უფასო ორგანული სასუქი და ამასთანავე გარემოც დასუფთავდება. მთავარია, გარჯა არ დაგეზაროთ.
ზოგადად, ნაკელის რაოდენობა დამოკიდებულია პირუტყვისთვის მიცემულ საკვებსა და საფენზე. ამიტომ, ვისაც გყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, გირჩევთ, მოამზადოთ საუკეთესო საფენი _ 15-20 სმ სიგრძეზე დაკეპილი ნამჯა, რომელიც კარგად ისრუტავს წუნწუხს თუ შარდს, ჩატკეპნეთ სანაკელეში. ასე დაგროვილი ნაკელი მერე, როცა მინდვრად გაიტანთ, თანაბრად ნაწილდება, დაშლა არ სჭირდება. ასევე ადვილად იშლება ნიადაგში და მეტ გავლენას ახდენს მოსავლის გადიდებას თუ ნარგავების კარგად გახარებასა და ზრდაზე.
საშემოდგომო ნათესების თუ ნარგავებისთვის განკუთვნილ ფართობზე, მოსუფთავების შემდეგ, გავიტანოთ ნაკელი და კარგად გავშალოთ. დავტოვოთ პირველ გაწვიმებამდე. როცა დარი გამოვა, გავშალოთ და ჩავბაროთ ან ჩავხნათ, სურვილისამებრ.
ნერგებისთვის ორმოები ამოვიღოთ და იქაც ჩავყაროთ ნაკელი. წვიმის შემდეგ თუ წყალი ჩადგა ორმოებში, ვაცალოთ დაწრეტა, რადგან ასეთ ორმოში ჩარგული ნერგი, შესაძლოა, გახმეს ან ფესვი ჩალპეს. ნუ მიიჩნევთ, რომ წყლიან ორმოში უკეთესია ჩარგვა. განსაკუთრებით, გურიის რეგიონშია ასეთი შედეგი მოსალოდნელი, რადგან ნოტიო ჰავაა.
საშემოდგომო სამუშაოების დაწყებისას, ასევე უნდა მოხდეს ახლად ასათვისებელი მიწიდან ნარჩენების ამოძირკვა, ამოშრობა და მოხვნა, რომ მერე, დეკემბრის დასაწყისიდანვე, მოესწროს ხეხილოვანთა დარგვა.
რაც შეეხება ციტრუსოვნებს, პლანტაციებში უნდა მოხდეს აღერებული ყლორტების წაჩქმეტა, ტერასების გაცელვა, პლანტაციებში მისასვლელი გზების და ბოგირების შეკეთება, კრეფისთვის მზადება (საკრეფი მაკრატლების, კალათების, კიბეების, ყუთების მომარაგება.) ბევრი რამ აქედან შინაურ პირობებშიც შეგიძლიათ დაამზადოთ.
აღსანიშნავია, რომ ახლა ისევ აქტიურად იყენებენ ტრიფოლიატის ღობეებს. ის მიჩნეულია ცოცხალ, მარადიულ ღობედ. ამიტომ ძველ თუ ახლად გაშენებულ ღობეებზე უნდა მოხდეს ამონაყრების შეცლა. კარგია, ეს პროცესი ზამთრის ყინვების წინაც გავიმეოროთ _ გაზაფხულზე, გვიანობამდე არც ამოიყრის და შრომაც შეგიმსუბუქდებათ.